ვალის მოსალხეობა გაზიფიცირებას ელოდება. 3 წლის წინ დამონტაჟებული, ამ დრომდე უფუნქციო მილები უკვე დაზიანდა, ,,სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან სრული მზადყოფნაა და ბუნებრივი აირის მისაღებად მოსახლეობამ სერვის–ცენტრს უნდა მიმართოს.
ვალის მაცხოვრებლები ქალაქის გაზიფიცირებას მოითხოვენ. ადგილობრივების თქმით, მილების დაქსელვის პროცესი სამი წლის წინ დაიწყო, თუმცა გაზით ამ დრომდე ვერ სარგებლობენ. დასახლებაში ამბობენ, რომ დაპირებას, ბუნებრივი აირის შეყვანასთან დაკავშირებით, ყოველწლიურად იღებენ.
უყურადღებობისა და გამოუყენებლობის გამო, დასახლებაში გაყვანილი გაზის ცენტრალური და შიდა მილები უკვე დაზიანებულია. ამის მიზეზად, მოსახლეობა მილების საავტომობილო გზასთან სიახლოვეს ასახელებს. ამბობენ, რომ თუკი აირს ქსელში გაუშვებენ, იგი შესაძლოა ადგილობრივებისათვის სახიფათო აღმოჩნდეს.
ახალციხეში არსებული გაზის კომპანია ,,ინტერგაზში“ ამბობენ, რომ 2012 წელს, ვალეში მათ მხოლოდ ბუნებრივი აირის მილები დაამონტაჟეს. ქალაქის გაზმომარაგებაზე პასუხისმგებელი კი ,,სოკარ–ჯორჯია გაზია.“ მისი წარმოამდგენლელი ,,მე–9 არხთან“ სატელეფონო საუბრისას განმარტავს, რომ ვალის მოსახლეობისათვის ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე შესაძლებელია და დასახლებაში ტექნიკური პრობლემა არ არსებობს. კითხვაზე თუ რატომ არ მიეწოდებათ ადგილობრივებს ამ დრომდე ბუნებრივი აირი – გოჩა შანიძეს პასუხი არ აქვს. თუმცა აღნიშნავს, რომ გაზიფიცირებისთვის მაცხოვრებლებმა ახალციხის სერვის–ცენტრს განცხადებით უნდა მიმართონ, რის შემდეგაც გაზს ოჯახში 400 ლარად შეიყვანენ.
,,სოკარ–ჯორჯია გაზის“ ცენტრალურ ოფისში განმარტავენ, რომ 2012 წელს ვალეში გაზიფიცირების მხოლოდ პირველი ეტაპი დაიწყო. რომლის ფარგლებშიც გაზის ცენტრალური მილები დამონტაჟდა. 2015 წლის ივლისის თვეში კი მთელი ქალაქი დაიქსელა და ამ ეტაპზე მისი შემოწმება მიმდინარეობს. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ბუნებრივ აირს მოსახლეობა მიმდინარე წლიდან მიიღებს.