ჰერალდიკის საბჭომ, ახალციხის სიმბოლოები შეარჩია. როგორც, საქრთველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოს მიერ გამოგზავნილ განცხადებაშია ნათქვამი, ქალაქის საკრებულოს მიერ წარდგენილი შვიდი გერბისა და ერთი დროშის ნიმუშს უპირატესობა ენიჭება, თუმცა საბოლოო დამტკიცებამდე, ყველა მათგანი სწორად დალაგებასა და ჰერალდიკურ გამართვას საჭიროებს.
ქალაქის ჰერალდიკის კომისიის თავმჯდომარემ დღეს წევრებსა და ჟურნალისტებს, შერჩეული სიმბოლოების ავტორის ვინაობა გააცნო. გერბი და დროშა, რომელიც ახალციხის სიმბოლოდ იქცევა, სამხატვრო სკოლის დირექტორს ნანა ნათენაძეს ეკუთვნის.
როგორც ჰერალდიკის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, კომისია ესკიზის ავტორთან ითანამშრომლებს და წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე, სიმბოლოების დახვეწაში დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ ქალაქის ჰერალდიკის კომისიამ, სიმბოლოების შესარჩევად კონკურსი სამჯერ გამოაცხადა. იმის გამო, რომ წარმოდგენილმა ესკიზებმა შესაბამისი კრიტერიუმები ვერ დააკამყოფილა, პირველი ორი კონკურსი ჩაიშალა. როდის დამტკიცდება ქალაქის ახალი დროშა და გერბი საბოლოო სახით ეს ამ დროისათვის უცნობია.