”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე–ჯავახეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

სამცხე–ჯავახეთში, ნალექისა და ძლიერი ქარის გამო მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან. სტიქიამ რეგიონში, ყველაზე მეტად ნინოწმინდის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტები დააზარალა. ზიანი შედარებით ნაკლებია ადიგენში, ახალციხესა და ბორჯომში.

თოვლში ჩარჩენილი მგზავრები, გადახდილი სახურავები, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტები – სამცხე–ჯავახეთი, მეორე დღეა სტიქიის შედეგებს ებრძვის. ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ, ყველაზე რთული მდგომარეობა ჯავახეთშია – ამბობენ ,,ენერგო–პრო ჯორჯიაში.“ მათივე თქმით, ნინოწმინდასა და ახალქალაქში 7 000 აბონენტი, მეორე დღეა, დენის გარეშეა დარჩენილი. კომპანიის თანამშრომლები, უამინდობის გამო, დაზინებულ უბნებამდე მისვლას ვერ ახერხებენ. ამ დრომდე დენის გარეშეა ადიგენის მუნიციპალიტეტში 1 000, ბაკურიანში კი 200  აბონენტი. ,,ენერგო–პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ ტექნიკური ბრიგადები თითქმის ყველა დაზიანებაზე ერთდროულად მუშაობენ. ბოლო მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში, ელექტროენერგიის გარეშე, სულ 8 000 აბონენტია დარჩენილი.

ნინოწმინდის გამგებლის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ავტომანქანები გამოყვანილია, გზის გაწმენდისა და გაფართოების სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის ფოკამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია. როდიონოვკა–ტამბოვკა–წალკის მონაკვეთზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. მოსალოდნელი ქარბუქისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აღნიშნულ უღელტეხილზე დაწესებული რეჟიმი შენარჩუნებული იქნება და ამინდის დასტაბილურებამდე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით ძლიერმა ქარმა, აწყურში საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, დაზიანებულია სოფელ ჭაჭარაქის კლუბის შენობის სახურავიც.  მუგარეთის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სოფელში დანგრეულია ღობეები, გადახდილია საცხოვრებელი სახლებისა და საქონლის სადგომის სახურავები. კომისია ზარალს ითვლის.

12 ნოემბერს მოსულ ნალექსა  და ძლიერ ქარს, ქალაქი ახალციხე, მნიშვნელოვნად არ დაუზარალებია – ამბობენ მერიაში. მერის წარმომადგენლის თქმით, სახურავის ახდის საშიშროება რამდენიმე კორპუსზე შეიქმნა, თუმცა სამაშველო სამსახურმა შესაბამისი ზომები დროულად მიიღო.

ძლიერმა ქარმა, ახალდაბაში, რამდენიმე შენობას სახურავი გადახადა, მოგლეჯილია ხეები. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და გარე განათება. ძლიერმა წვიმამ დატბორა საცხოვრებელი სახლის ეზოები. მუნიციპალიტეტში უკვე შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც 12 ნოემბრის სტიქიისგან მიყენებულ ზარალს დაითვლის. წინასწარი მონაცემებით, 13 ოჯახია დაზარალებული.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე