ბუნებრივი რესურსებიდან, მოსაკრებლებიდან, ჯარიმებიდან, შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსვალების შედეგად მიღებული თანხები ახალციხის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პროექტის განხორციელებას მოხმარდება. აღნიშნულის შესახებ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ჯარიმებიდან ბიუჯეტში 29 000 ლარი შევიდა, ხოლო 43 000 ლარი მოსაკრებლებიდან და ბუნებრივი რესურსებიდან.
ჯამში შემოსავალებმა და ტენდერის შედეგად დაზოგილმა თანხებმა 228 753 ლარი შეადგინა, რომელიც შემდეგად გადანაწილდება: მოხდება მელიორაციის სამსახურისათვის ავტომობილის შეძენა, ასევე, 8 500 ლარი მიმართული იქნება დასუფთავების მანქანის შესაძენად, ხოლო 12 000 ლარი ინფრასტრუქტურის სამსახურის ავტომობილის შესყიდვისთვისაა განსაზღვრული. 76 600 ლარი სოფელ ფერსის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისათვის გამოიყოფა, 13 000 ლარი სოფელ მუსხის ბიბლიოთეკის აღდგენას მოხმარდება. 59 000 ლარის ფარგლებში კი ელიაწმინდის ადმინისტრაციული შენობის აღდგენა მოხდება.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს, სხდომას 30 დეპუტატიდან 19 მათგანი დაესწრო.