აბასთუმანში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციას ელოდებიან. შენობების გარე ფასადი ამორტიზებულია, რის გამოც ათობით მოსახლეს ცხოვრება მძიმე პირობებში უწევთ. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ობიექტების დაგეგმილი რეაბილიტაციის თარიღმა გადაიწია.
თინა ოსკანიანი 50 წელზე მეტია რაც ამ კიბით სარგებლობს. შენობის ფასადი ამორტიზებულია, რის გამოც მეპატრონეს აივნის გამაგრება ხის ძელებით უწევს. 75 წლის ხანდაზმული ამბობს, რომ ფასადის ჩამონგრევის საშიშროება არსებობს, რასაც შესაძლოა, სავალალო შედეგი მოჰყვეს.
თინა ოსკანიანის გარდა, ამ კიბით, კიდევ სამი ოჯახი სარგებლობს. იმის გამო, რომ შენობები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული, მაცხოვრებლებს მათი რეაბილიტაციის უფლება არ აქვთ. აბასთუმანში, ათობით მოსახლეს, მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება. ადგილობრივების თქმით, სახლების პრივატიზებამდე, ხელისუფლება ფასადის რეაბილიტაციას ახდენდა, თუმცა, აღნიშნული პროცესის შემდეგ, შენობები ხელშეუხებელი გახდა. აბასთუმნელები ობიექტების რეაბილიტაციას ათეული წლებია ელოდებიან.
ექვსი თვის წინ, რეგიონის გუბერნატორი „მეცხრე არხთან“ აცხადებდა, რომ აბასთუმნის რეაბილიტაციისთვის თანხა მსოფლიო ბანკმა გამოყო და კურორტის განვითარების გეგმაზე რვა მილიონი დოლარი დაიხარჯებოდა. მიმდინარე წელს საპროექტო სამუშაოები უნდა შესრულებულიყო, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული ობიექტების რეაბილიტაცია კი 2016 წლიდან დაიწყებოდა.
დღეს კი, „მეცხრე არხთან“ პირად საუბრებში რეგიონისა და მუნიციპალიტეტის პირველი პირები აცხადებენ, რომ კურორტის რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებამ გადაიწია, რის გამოც, საპროექტო სამუშაოები არა მიმდინარე, არამედ 2016 წელს მოხდება. ამ საკითხზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ჩაწერა, ,,მე-9 არხმა“ სცადა, თუმცა, გადამღები ჯგუფი ზაქარია ენდელაძემ არ მიიღო. მისმა მდივანმა განმარტა, რომ გამგებელი ჟურნალისტებს მოუცლელობის გამო ვერ შეხვდებოდა. შენობების რეაბილიტაციაზე კომენტარი აბასთუმნის დეპუტატმა გააკეთა.
კურორტ აბასთუმნში, ობიექტები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნუსხაში, წლების განმავლობაში, პერიოდულად შედიოდა. აღნიშნული სტატუსი, ბოლოს 2010 წელს 11 ნაგებობას მიენიჭა.