ვეფხია დიაკონაშვილი ახალციხეში ოთხი ჯიშის 3 000–მდე მწყერს უვლის. მან ამ დროისთვის ამხანაგობა – “მწყერის სახლი“ დააფუძნა და ახლო მომავალში საქმიანობის გაფართოებას გეგმავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფერმერმა მწყრის ერთ–ერთი ჯიში თავადვე გამოიყვანა. ვეფხია დიაკონაშვილის წარმატების ხერხები და სამომავლო გეგმები – „ფერმერის საათის“ სპეციალურ რუბრიკაში „წარმატებული ფერმერი“.
დიაკონაშვილების ოჯახში დოლია. მწყრის 800 ჩოჩორი, ინკუბატორში, 2 დღის განმავლობაში იჩეკებოდა. ქათმისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენლები, რომლებიც მეპატრონეს, ინკუბატორიდან ფერმაში ახლა გადაჰყავს, თვენახევარში კვერცხისმდებელ დედებად იქცევიან. ფრინველს უფრო ნაკლები – 35 დღე უნდა იმისთვის, რომ მწყრის წონამ 150 გრამს მიაღწიოს და მისი დაგემოვნებაც შესაძლებელი გახდეს.
მწყრის ფერმა ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე მდებარეობს. ფრინველის მოშენების იდეა, დიაკონაშვილების ოჯახში, 1 წლის წინ გაჩნდა. ვეფხია დიაკონაშვილს დაახლოებით, 3 თვე დასჭირდა, რომ 18 კვ.მ შენობა აეგო და გალიები საკუთარი ხელით დაემზადებინა. თავდაპირველად, ინკუბატორი შეიძინეს და საოჯახო ბიზნესი 8 თვის წინ, ათასი კვერცხის გამოჩეკით დაიწყეს. ამბობს, რომ მწყრის ბიზნესი მომგებიანია. ხარჯს, რეალიზაციიდან შემოსული თანხის მხოლოდ ნახევარი შეადგენს. ამჟამად, მათ ფერმაში 2 500 მწყერი ბინადრობს.
ფერმერის თქმით, ბაზარი არცთუ კონკურენტუნარიანია. დიაკონაშვილების ფერმის მწყრის ხორცი და კვერცხი ახალციხის ფარგლებს გასცდა და მისი რეალიზაცია საქართველოს სხვა ქალაქებში ხდება. დაკლული და გასუფთავებული მწყრის ფასი მაქსიმუმ, 2,50 თეთრია, მისი კვერცხი კი საშუალოდ, 15–20 თეთრი ღირს. მწყრის მოვლა რთული არაა, თუმცა ფერმერი ამბობს, რომ მისი ბინადრები მუდმივ ყურადღებას საჭიროებენ. ფრინველს საათობრივად კვებავენ, განსხვავებულია კვერცხის მდებლების, ახალდაბადებულების და მოზარდების მენიუ.
ვეფხია დიაკონაშვილი იმ უპირატესობებზე საუბრობს, რაც მწყრის ხორცს და კვერცხს ახასიათებს. ფერმერი ამბობს, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქტით მოსახლეობა, თანდათან ინტერესდება. დიაკონაშვილი ირწმუნება, რომ მწყერი, საქართველოსგან განსხვავებით, როგორც ევროპის და ამერიკის, ისე აღმოსავლეთის ქვეყნებში საკმაოდ პოპულარული და ძვირი დელიკატესია.
დიაკონაშვილებმა საოჯახო ბიზნესის გაფართოება გადაწყვიტეს და სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ ჩაერთვნენ. სამმა პიროვნებამ ამხანაგობა ,,მწყერის სახლი“ დააფუძნა და გრანტის სახით 15 ათასი ლარი მიიღო. აღნიშნული თანხით აპირებენ, რომ უფრო დიდი ზომის ფერმა ქალაქის გარეთ ააშენონ, სადაც კვერცხის მდებელთა და დასაკლავი ფრინველების რაოდენობა გაორმაგდება. დიაკონაშვილები მწყრის საკვების წარმოებაზეც ფიქრობენ.
,,მწყერის სახლში“ ხოხბები, თუთიყუშები, სირაქლემები და ფარშევანგებიც გამოიჩეკებიან.
ფერმაში, ფრინველის მოვლა–პატრონობაზე, ფუნქციები ოჯახის ყველა წევრს აქვს გადანაწილებული. მათ გარდა, მწყრის სარეალიზაციოდ გამზადებაში 5 ქალბატონია ჩართული. გაფართოვების შემდეგ, ვეფხია დიაკონაშვილი ფიქრობს, რომ ,,მწყერის სახლში“ 20–მდე პირს დაასაქმებს.
გაფართოების შემდეგ, ვეფხია დიაკონაშვილი მწყერის ხორცისა და მისი კვერცხის ბრენდირებას აპირებს. ფერმერი ევროპის ბაზრის ათვისებაზეც ფიქრობს. ამჟამად, 3 ათასამდე კვერცხი აქვს, რომლის რეასლიზებასაც როგორც ახალციხეში, ისე სხვა ქალაქებში ახდენს.