ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს დეპუტატებს შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. რიგგარეშე სხდომაზე, დავით ლომიძემ ამჟამინდელი საკრებულოს წევრთა არჩევის დღიდან, ანუ 2014 წლის 14 ივნისიდან მიმდინარე წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალი შემადგენლობის დანიშვნის შემდეგ, ადგილობრივ თვითმმართველობაში, უპირველესად, კოდექსით გათვალისწინებული საკითხები მოგვარდა. ჩამოყალიბდა მუდმივმოქმედი კომისიები, ფრაქციები, შეიქმნა სამსახურების დებულებები, რის შემდეგაც, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარებისათვის გამგეობის მიერ მომზადებული პროექტების განხილვები მოეწყო.
საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშში ხაზი გაესვა რეგიონული განვითარების ფონდიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებს, რომლებიც საგზაო ინფრასტრუქტურისა და სასმელი წყლის მოწესრიგებას შეეხებოდა.
აღნიშნული ანგარიშის წარდგენას, მუნიციპალიტეტის პირველ პირს თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებები ავალდებულებს, რომლის თანახმადაც, საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია წელიწადში ერთხელ, გაწეული საქმიანობის შესახებ დეპუტატებთან საჯარო ანგარიში 1 ნოემბრამდე გააკეთოს.