”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მიენიჭებათ თუ არა სოფლებს მაღალმთიანობის სტატუსი სამცხე–ჯავახეთში?

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მთის განვითარების ეროვნული საბჭო შეიკრიბება და იმსჯელებს, ქვეყნის რომელ სოფელსა თუ ქალაქს ეკუთვნის მაღალმთიანის სტატუსი. რომელი დასახლებული პუნქტები მოხვდება აღნიშნულ გამონაკლისებში სამცხე–ჯავახეთიდან  ჯერჯერობით უცნობია.

იმისათვის, რომ მთაში ცხოვრება  ადვილი გახდეს, სოფლებში მიგრაცია შემცირდეს, ბიზნესს განვითარების საშუალება მიეცეს და გარემო ინვესტორებისთვის იყოს ხელსაყრელი – საქართველოს პარლამენტმა მთის შესახებ სპეციალური კანონი მიიღო.ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ დასახლებას მაღალმთიანობის სტატუსი მიენიჭება, შეღავათები იქნება განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. გაზირდება პენსიის ოდენობა, ელექტრო ენერგიის საფასური  კი 50%–ით შემცირდება. ხოლო პირველ და მეორე ბავშვზე მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს  ყოველთვიური  დახმარება, ერთი წლის განმავლობაში  არანაკლებ 100 ლარის ოდენობით ექნება.

ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებად ის ერთეულები ჩაითვლება, რომელიც ზღვის დონიდან 1 500 მეტრის სიმაღლეზე, ან მის ზევით მდებარეობს. თუმცა გამონაკლისების შემთხვევაში მაღამთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება მიენიჭოს 800 მეტრზე დაბლა მდებარე დასახლებას, სადაც მთის ფერდობები დახრილია, ინფრასტრუქტურა არ არის შესაბამისი, რთულია კლიმატური პირობები  მცირეა სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწა, გაუარესებულია დემოგრაფიული მდგომარეობა, და სხვა. აღნიშნულ საკითხებზე მთის განვითარების ეროვნული საბჭო იმსჯელებს. მას ქვეყნის პრემიერ–მინისტრი უხელმძღვანელებს. პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის თქმით, კანონით გათვალისწინებული რიგი შეღავათები  2016 წლიდან ამოქმედდება .

რამდენი დასახლებული პუნქტი მიიღებს მაღალმთიანობის სტატუსს ჯერ–ჯერობით უცნობია სამცხე–ჯავახეთში. თუმცა, ადგილობივი ხელისფლების წარმომადგენლები ცდილობენ, რომ კანონით გათვალისწინებული შეღავათები რაც შეიძლება მეტ სოფელში განხორციელდეს. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, აღნიშნული კუთხით ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა უკვე მიმდინარეობს.  პროცესში ჩართულნი არიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც.

სიახლეებს მოსახლეობაც აფასებს. მათი თქმით, სამცხე–ჯავახეთში სოფლების უმეტესობას მაღალმთიანის სტატუსი უნდა მიენიჭოს, რადგან ტერიტორიაზე მძიმე სოციალური მდგომარეობაა, აღნიშნული შეღავათები კი არსებულ სიტუაციას მნიშვნელოვნად გამოასწორებს.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის  სოფლების უმეტესობა მთის კანონის  მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.  მაღალმთიანობის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, გამონაკლისები უკვე დაიშვა. ხევს, მთიულეთს, პანკისის ხეობას, მაღალმთიან  აჭარას, გუდამაყრის ხეობას, ფშავ–ხევსურეთს, თუშეთს, ზემო სვანეთს, ქვემო სვანეთს, ლეჩხუმს და რაჭას მაღალმთიანის სტატუსი უკვე მიენიჭათ. 

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე