საქართველო–თურქეთის საზღვარზე ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი, „კარწახი“ გაიხსნა. პარალელურად თურქეთის საზღვარზე გამშვები პუნქტი „აქთაშ–ჩილდირი“ ამოქმედდა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს ფინანსთა მინისტრი და თურქეთის რესპუბლკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი დაესწრო.
საქართველო–თურქეთის საზღვარზე, ორივე სახელმწიფოს შორის ახალი საავტომობილო საბაჟო გამშვები პუნქტი, „კარწახი“ გაიხსნა. პარალელურად, თურქეთში ამოქმედდა გამშვები პუნქტი „აქთაშ–ჩილდირი“. საზეიმო ცერემონიას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი ჯენაბ აშჯი დაესწრო. ნოდარ ხადურმა გამშვები პუნქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „კარწახი“ თურქეთის ცენტრალურ რაიონებს, რუსეთთან, აზერბაიჯანთან, და სომხეთთან დააკავშირებს.
გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც მხარის გუბერნატორმა აღნიშნა, საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი“ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სამცხე–ჯავახეთის ეკონომიკის განვითარებაზე. გარდა ამისა, მოხდება სარფის საბაჟო პუნქტის განტვირთვაც.
საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი“ 24 საათის განმავლობაში იმუშავებს და როგორც სატვირთო ავტომობილებს, ასევე ფიზიკურ პირებს გაატარებს. „კარწახის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში დაახლოებით 70 პირი იმუშავებს, მათ შორის მებაჟე ოფიცრები, ფიტოსანიტარულ–ვეტერინალური სამსახური და საპატრულო პოლიცია.
ოფიციალურ გახსნის ცერემონიალზე აღნიშნეს, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი“მგზავრებისთვის კომფორტული და სწრაფი მომსახურების მიღებას, სასაზღვრო პოლიტიკის გაუმჯობესებას, ახალი სამუშაო ადგილების და შემოსავლის დამატებითი წყაროს შექმნას უზრუნველყოფს. საბაჟო გამსვები პუნქტი „კარწახის“ მშენებლობისა და აღჭურვის საერთო ღირებულებამ 11 მილიონ ლარს გადააჭარბა.