წინუბნის მოსახლეობა შიდაგზების მოწესრიგებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ, კომპანიამ სავალი ნაწილი აღარ მოხრეშა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მათ სიტყვიერი დაპირება ჰქონდათ. გამგეობაში განმარტავენ, რომ პროექტი გზების ნაწილობრივ მოწესრიგებას ითვალისწინებდა, რაც შესრულდა კიდეც.
სოფელ წინუბანში მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.
ადგილობრივები ირწმუნებიან,რომ სოფელში სასმელი წყლის რეაბილიტაციის შემდეგ მშენებელმა კომპანიამ სოფლის შიდა გზები დააზიანა. ადგილობრივების თქმით, გამგეობის წარმომადგენელთა მხრიდან იყო დაპირება, რომ სავალი ნაწილის აღდგენა მოხდებოდა, თუმცა ერთი თვე გავიდა და გზის მდგომარეობა უამინდობის გამო დღითიდღე მძიმდება. წინუბნის მაცხოვრებლები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.
სოფელ წინუბანი–გურკელში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გადაწყდა. აღნიშნულისთვის 15 600 ლარამდე გამოიყო. პროექტის შედგენისას კი სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებისთვის 56 000 ლარი გახდა საჭირო. თანხები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ცენტრალურიდან და დანარჩენი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო. სამუშაოები კომპანია „მშენებელი 2004“–მა“ შეასრულა. პროექტი ქსელის ეზოებამდე მიყვანას ითვალისწინებდა. ოჯახებამდე კი სასმელი წყლის სისტმა თავად მაცხოვრებლებს უნდა შეეყვანათ. გამგეობაში განმარტავენ, რომ პროექტის ფარგლებში გზის მცირე ნაწილის მოხრეშვა იყო სავალდებულო, რომელიც შესრულდა. დარჩენილი სავალი ნაწილის მოწესრიგება უამინდობის გამო შეუძლებელი გახდა.
გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის განმარტებით, გზების მოვლა პატრონობისთვის ჯამში 85 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც წელს ისეთი უბნების მოწესრიგებას მოხმარდება, სადაც მდგომარეობა ყველაზე კრიტიკულია. ნოდარ ბალახაშვილის თქმით, ასეთი სოფლები წინუბანი და გურკელია. მისივე თქმით, გზების მოწესრიგება სწორედ აქედან დაიწყება.