სოფელ რუსთავში მცხოვრებ მალხაზ ლომიძის ოჯახს, ხანძრის შედეგად დამწვარი საცხოვრებელი სახლის აღსადგენად, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დახმარება გაუწია.
ასპინძის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა, სხვა თანამშრომლებთან ერთად სოფელ რუსთავში მცხოვრები უსახლკაროდ დარჩენილი მალხაზ ლომიძის ოჯახის წევრები პირადად მოინახულეს. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის თანამშრომელთა ინიციატივით, რამდენიმე დღის განმავლობაში შეგროვებული პირადი მოხმარების ნივთები, საკვები პროდუქტი და ტანსაცმელი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ოჯახს საჩუქრად გადასცეს. დაზარალებულებს გამგეობისგან, ასევე გადაეცათ სამშენებლო მასალა.
ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ლომიძეების ოჯახი დროებით თავს საჯარო სკოლის შენობაში აფარებენ.
,,ხანძარი ღამის საათებში მოხდა. ცეცხლი ძალიან სწრაფად მოედო სახლს, რადგან ხისგან იყო ნაშენები. ძლივს მოვასწარით გარეთ გამოსვლა, ჩვენს თვალწინ, მრავალი წლის ნაშრომი ერთ წუთში ჩაიწვა.
მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მიმართ ასეთი დიდი ყურადღებისათვის, თანადგომისთვის და გვერდში დგომისთვის. ამ ეტაპზე, ჩემი ოჯახისთვის ყველა სახის დახმარება ძალზედ მნიშვნელოვანია,” – აღნიშნა მალხაზ ლომიძის მეუღლემ.
ასპინძის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ,,სარეზერვო ფონდიდან” გამოიყო თანხა 2 495 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხით, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამშენებლო მასალები შეიძინა: 154 მეტრ კვადრატი გადასახური მასალა, (მოთუთიებული თუნუქის ფურცლები პროფილის ფორმის) 1 489 ლარის ღირებულების, 28 მეტრ კვადრატი მოთუთიებული თუნუქის ფურცელი 270 ლარისა და 3,2 ტონა ცემენტი, ღირებულებით 736 ლარი.
ასპინძის გამგეობის ტექნიკა, ამ დროისთვის, ლომიძეების ოჯახში გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. სახლის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება.
წყარო: ასპინძის მუნიციპალიტეტი.
You must be logged in to post a comment.