”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ყაზბეგის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

ახალციხეში ყაზბეგის ქუჩის მაცხოვრებლები საავტომობილო გზის სასწრაფოდ მოწესრიგებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, წვიმის დროს აქ გავლა შეუძლებელი ხდება. მოსახლეობას მერია ქუჩის რეაბილიტაციას 2016 წლისთვის პირდება.

სასწრაფო დახმარების ჯგუფი, ამორტიზებული გზის გამო, გამოძახების ადგილამდე ვერ მივიდა, ნაგვის მანქანა კი ბოლო შემოვლის დროს ტალახში ჩაეფლო და გადაბრუნდა. მას შემდეგ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა მოსახლეობას თავად უწევს – ამ და სხვა პრობლემებზე ყაზბეგის ქუჩის მაცხოვრებლები ჩივიან.
მათი თქმით, წვიმის შემდეგ, დასახლებში გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ყველაზე პრობლემური ორი მონაკვეთია. მოსახლეობა სავალი ნაწილის სასწრაფოდ მოხრეშვას ითხოვს.

მოსახლეობის თქმით,  ქუჩაზე 2014 წელს სასმელი წყლის მილები შეცვალეს, რის შემდეგაც გზის მდგომარეობა უფრო გაუარესდა. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ახალციხის მერიას, პრობლემის მოგვარების თხოვნით, არაერთხელ მიმართეს. შედეგად, თვითმმართველობიდან პასუხად მიიღეს, რომ ყაზბეგის ქუჩის რეაბილიტაცია 2016 წლისთვის არის დაგეგმილი. დასახლების მაცხოვლებლები მანამდე გზის დროებით მოწესრიგებას ითხოვენ.

შეკრებილ მოსახლეობასთან ყაზბეგის ქუჩაზე მერიის წარმომადგენელი მივიდა. დავით სამსონიძე ადგილობრივებს გზის მოხრეშვას დაპირდა. კითხვაზე – რამდენ ხანში  მოუგვარდებათ აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლებს პრობლემა – მან „მეცხრე არხს“ განუცხადა, რომ კონკრეტულ ვადებს ვერ დაასახელებს, თუმცა გზის მოწესრიგებისთვის მერიას ერთი თვეც არ დასჭირდება.

მერიის წარმომადგენლის განმარტებით,  ყაზბეგისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია ერთ პროექტად არის გაწერილი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტრომ, დაახლოებით, 800 000 ლარიანი პროექტი ორ ეტაპად გაყო.  ცენტრალური უწყების თანხები, პირველ რიგში, გოგებაშვილის ქუჩას მოხმარდა. დავით სამსონიძე ირწმუნება, რომ მომავალ წელს ყაზბეგის ქუჩაზე ასფალტი დაიგება და სანიაღვრე არხები მოეწყობა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე