”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საზღვრისპირა რეგიონებში ვეტერანთა კოოპერატიული სასოფლო–სამეურნეო თემები იქმნება

საზღვრისპირა რეგიონებში ვეტერანთა კოოპერატიული სასოფლო–სამეურნეო თემები იქმნება. პროექტი საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და სასოფლო–სამეურნეო ობიექტების შექმნას ითვალისწინებს, სადაც ვეტერანების დასახლება და დასაქმება იგეგმება. ინიციატივას სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები ომის მონაწილეები აფასებენ.

ფრიდონ ნადიბაიძე აფხაზეთის ომის ვეტერანია. იგი კოდორში ბრძოლის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ ომის მონაწილეებისათვის ეს ყველაზე მძიმე და მნიშვნელოვანი ბრძოლა იყო. ამიტომ თვლის, რომ ყველა ქართველს, ვინც ამ დროს საქართველოს  მთლიანობისთვის იბრძოდა შესაბამისი ყურადღება უნდა მიექცეს. ომის მონაწილე ხელისუფლების ინიციატივას დადებითად ხვდება, რომლის თანახმადაც, საზღვრისპირა რეგიონებში, ვეტერანების დასახლებისათვის, სასოფლო–სამეურნეო გაერთიანება იქმნება.

ფრიდონ ნადიბაიძის მსგავსად, ახალციხეში მცხოვრები ომის მონაწილეთა გარკვეული ჯგუფი თვლის,  რომ პროექტი საინტერესოა და ვეტერანთა  ნაწილი  აღნიშნულზე უარს არ იტყვის. თუცა  ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ზოგიერთებმა საკუთარი საცხოვრებელის დატოვება და საზღვრისპირა ტერიტორიაზე დასახლება არ მოისურვონ.

ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს უფროსის თქმით, რეგიონში ტერიტორია, სადაც ვეტერანები დასახლდებიან, გამოყოფილია. ახლო მომავალში  მიწებზე სინჯების აღება მოხდება, რომლის მეშვეობითაც ნიადაგის ნაყოფიერება შემოწმდება. პროექტის განხორციელებისათვის საჭირო თანხებს ებრაელი ინვესტორები ჩადებენ.

პროექტის მიზანს ვეტერანთა დასაქმებასთან ერთად, საზღვრისპირა რეგიონების მოსახლეობით შევსება წარმოადგენს. ტექნიკურ–ეკონომიკური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კონკრეტული სამუშაოები პროექტის განხორციელების მიმართულებით უახლოეს მომავალში დაიწყება. თუმცა საპილოტე პროგრამა გარდაბანში უკვე განხორციელდა, მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 500 ვეტერანი დასახლდა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე