”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მოხსნილი სოციალური დახმარება ადიგენში და პრეტენზიები აგენტების მისამართით

ადიგენის სოფლებში ადგილობრივები სოციალური დახმარების მოხსნის შესახებ ჩივიან. მაცხოვრებლებს, ძირითადად, პრეტენზია სოციალური აგენტების მიმართ აქვთ. ამბობენ, რომ ისინი საქმიანობას არაკანონიერად ასრულებენ.  76 წლის ცოლ–ქმარი და ავადმყოფ ძმასთან ერთად მცხოვრები ქალბატონი – ორი ოჯახი ძირითად შემოსავალს, სოციალურ დახმარებას, ვეღარ იღებს. .

ამ ხის ფიცრულში მხოლოდ ერთი ოთახია. მასში 76 წლის ცოლ–ქმარი მარტო ცხოვრობს. ამბობენ, რომ შვილი არ ჰყავთ და მას შემდეგ რაც, წლების წინ ახალციხიდან საცხოვრებლად ენთელში ჩამოვიდნენ ფიცრული ნათესავმა დაუთმო. 2011 წელს სოციალური დახმარება მოუხსნეს, აღდგენისთვის გიორგი ხარაიშვილმა ადიგენის სოციალურ სამსახურს არაერთხელ მიაკითხა, თუმცა უშედეგოდ. მოხუცი ამბობს, ერთადერთი ძროხა, რომელიც დახმარების შეწყვეტის მიზეზი გახდა, მეუღლის ავადმყოფობის გამო გაყიდა. თუმცა სოციალური აგენტები ქულების ხელახლა გადასამოწმებლად აღარ მისულან. ხარაიშვილები ფიქრობენ, რომ სოციალური აგენტები ქონების აღწერისას არაკანონიერად მოქმედებენ.

ამ ეტაპზე მოხუცებს თავი საკუთარი პენსიით გააქვთ. მთელი წლის განმავლობაში თანხას ზამთრისთვის, საწვავი შეშის მოსამარაგებლად აგროვებენ. საკვებს კი ხშირად მეზობლები აწვდიან.

სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზად, აგენტებს ადანაშაულებს ვარხანში მცხოვრები დალი გორგოძეც. იგი  სახლში ავადმყოფ ძმასთან ერთად ცხოვრობს და მისთვის საჭირო მედიკამენტებს სწორედ სოციალური დამხარების სახით გამოყოფილი თანხით ყიდულობდა. უკვე ორი თვეა ოჯახს შემწეობა მოეხსნა, თუმცა გორგოძე ირწმუნება, რომ არაფერი შეუძენია. დახმარების აღდგენის მოთხოვნით, იგი ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავს. ამბობს, რომ თუკი რეაგირება არ მოხდება, იგი საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას და ქვეყნის დატოვებას აპირებს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონული ცენტრის უფროსის განმარტებით, თუ რომელ მონაცემზე დაყრდნობით გაეზარდათ სარეიტინგო ქულები ხარაიშვილებსა და გორგოძეებს, ამ ინფორმაციის გასაჯაროების უფლება, აღნიშნული ოჯახების ოფიციალური თანხმობის გარეშე არ აქვს. რაც შეეხება პრეტენზიებს სოციალური აგენტების მიმართ, დავით გოგალაძე ირწმუნება, რომ მსგავსი შემთხვევა დაუშვებელია და აგენტების სუბიექტური აზრი, ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, გათვალისწინებული არ არის.

სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში განმარტავენ, რომ ორივე ოჯახში ახალი მეთოდოლოგიით დეკლარაცია ივლისის თვეში შეივსო. ხარაიშვილების სარეიტინგო ქულა 67 000–ით განისაზღვრა, ხოლო გორგოძეების 74 000–ით. სახელმწიფო სოციალურ დახმარებას 65 000 ქულაზე გასცემს. დეკლარაციის ხელმეორედ გადამოწმება კი 1 წლის შემდეგ არის შესაძლებელი. თუმცა ვადაზე ადრე აგენტები მონაცემების გადასამოწმებლად მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში მიდიან:  თუკი შეიცვალა ოჯახის წევრთა რაოდენობა, მისამართი ან ჯანმრთელობის მდგომარეობა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე