საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ბორჯომის #1 ჩამომსხმელ ქარხანას ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მსოფლიოში ცნობილი ბრენდის „ბორჯომის“ წარმოების პროცესს გაეცნენ. მათ კომპანიის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ უმასპინძლა. ლევან ბაღდავაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დაგეგმილი პროექტების შესახებაც ესაუბრა.
სტუმრების ვიზიტს ორგანიზება საქართველო–ევროკავშირის ბიზნეს–საბჭომ გაუწია, რომლის წევრიც „IDS ბორჯომი–საქართველოა“.
ბიზნეს–საბჭო წევრ კომპანიებში ანალოგიური სახის ვიზიტებს რეგულარულად ახორციელებს. მის მიზანს კომპანიის აქტივობების შესახებ, დიპლომატიური ქსელის მეშვეობით, ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენს.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ ქართული ინდუსტრიის განვითარებაში. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბორჯომის ჩამომსხმელ ქარხანაში. გაკვირვებულები ვართ აქ არსებული ტექნიკით, სისუფთავითა და კომპანიის პროდუქტიულობით. ეს არის მაგალითი იმისა, რომ ბრენდი აწარმოებს კარგ პროდუქტს. მე გისურვებთ უფრო მეტ ინვესტიციას თქვენს ქვეყანაში. ჩვენ დღეს სწორედ ამიტომ ვართ აქ“– აღნიშნა სლოვაკეთს სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რუდოლფ მიჩალკამ.
„ესენი არიან საქართველო–ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებსაც დღეს დავათვალიერებინეთ ჩვენი სიამაყე, საქართველოს სავიზიტო ბარათი – ბორჯომის წარმოება. ვაჩვენეთ ქარხანა #1, სადაც ვაწარმოებთ ჩვენს ბრენდს. ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო მოთხოვნებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი დარწმუნდა თუ რა შესაძლებლობები აქვს დღეს ამ ქარხანას და რა მომავალი აქვს ჩვენთვის საამაყო ბრენდს წარმოებაში“ – განაცხადა „IDS ბორჯომი–საქართველოს“ გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ლევან ბაღდავაძემ.