”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“IDS ბორჯომი–საქართველომ” ტრენინგ–ცენტრს ადმინისტრაციის ყოფილი შენობა გადასცა

ახალი სასწავლო წელი და ახალი ფართი – ბორჯომის ბავშვთა და ახალგაზრდობის ტრენინგ–ცენტრი ამიერიდან ფუნქციონირებას მინერალური წყლების #1 ჩამომსხმელი ქარხნის ადმინისტრაციის ყოფილ შენობაში აგრძელებს. ცენტრი, „IDS ბორჯომი–საქართველოს“ პატრონაჟით, მესამე წელია მუშაობს და ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს. ტრენინგ–ცენტრში ახალი სასწავლო წლის დაწყებას დეპუტატები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე დაესწრნენ.

ბორჯომის ბავშვთა და ახალგაზრდობის ტრენინგ–ცენტრი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში გადავიდა. ახალი სასწავლო წლისთვის ფართი ცენტრს კომპანია „IDS ბორჯომი–საქართველომ“ გადასცა. #1 ჩამომსხმელი ქარხნის ადმინისტრაციის ყოფილ შენობაში, ამიერიდან, ახალგაზრდები შვიდ მიმართულებაზე ისწავლიან.  ცენტრის ხელმძღვანელობამ მოწვეული სტუმრებისთვის მათი საქმიანობისა და მიღწევების შესახებ პრეზენტაცია გამართა, რომელსაც დეპუტატები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე, კომპანია „აი დი ეს ბორჯომი–საქართველოს“ გენერალური დირექტორი ზაზა კიკვაძე, სასულიერო პირები და მოსწავლეები დაესწრნენ.

ბორჯომის ბავშვთა და ახალგაზრდობის ტრენინგ–ცენტრში, ამ დროისათვის, 254 მოსწავლე ირიცხება. მსურველები აქ სკოლის შემდეგ დამატებით სწავლებას გადიან. ახალგაზრდები ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით იღრმავებენ. მოსწავლეები კომპიუტერულ პროგრამებს, რუსულ და ინგლისურ ენებს ეუფლებიან. აბიტურიენტები კი ზოგად უნარებში ემზადებიან. აქვე ფუნქციონირებს თეატრალური სტუდია. ახალი სასწავლო წლიდან მსურველებს შეუძლიათ მათემატიკისა და ჭადრაკის წრეებზეც იარონ.  გარდა ამისა, ტრენინგ–ცენტრში ჟურნალისტიკისა და  ადამიანის უფლებების შესახებ ჩატარდება ლექციებიც.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ტრენინგ–ცენტრი „IDS ბორჯომი–საქართველოს“ პატრონაჟით მესამე წელია ფუნქციონირებს. ცენტრის ერთ–ერთი წარჩინებული ახალგაზრდა სწავლის დასრულების შემდეგ კომპანიამ დაასაქმა. ანა სტეფნაძე დღეისათვის სტუმრებს ექსკურისია–მძღოლობას უწევს.  აღნიშნულის გარდა, კომპანია 12 წარმატებული მოსწავლის ტაო–კლარჯეტში ვიზიტს აფინანსებს.

პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებმა ბორჯომის ქარხნის ახალი შენობა დაათვალიერეს და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცვნენ. „აქ არსებული ინფრასტრუქტურა შთამბეჭდავია“ – აღნიშნეს დეპუტატებმა. ბორჯომის #1 ჩამომსხმელი ქარხნის ახალი შენობა 2014 წლის გაზაფხულზე გაიხსნა.  ობიექტი  თანამედროვე ტექნოლოგიით აღიჭურვა. შედეგად, ახალი ქარხნის სიმძლავრე წელიწადში 450 მილიონ ბოთლამდე გაიზარდა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე