მოხეში, ხანძრის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩენილ ოჯახს, ადიგენის გამგეობა საშენი მასალით დაეხმარება. ამის შესახებ თვითმმართველობამ გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატთა თანხმობით მიიღო. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ოჯახს 12 ტონა ცემენტსა და 170 ცალ გოფრირებული თუნუქს გადასცემს. აღნიშნულისათვის ბიუჯეტიდან 4 625 ლარი გამოიყო.
საკრებულოში განმარატვენ, რომ მათ უფლება არ აქვთ 1 500 ლარზე მეტი ღირებულების სამშენებლო მასალა გასცენ, თუმცა ამ კონკრეტული შემთხვევისათვის დეპუტატებმა გამონაკლისი დაუშვეს.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის სოფელ მოხეში, 23 სექტემბერს გვიან ღამით ბადრი შავაძის საცხოვრებელი სახლი, 20–მდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ცხოველთა სადგომი მთლიანად დაიწვა. ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ელექტრო–გაყვანილობიდან გაჩნდა.
რაც შეეხება სოფელ ღორთუბნის საჯარო სკოლასა და ნაქურდევის რიტუალების სახლს, სადაც ხანძარი 11 ივნისს ერთდროულად გაჩნდა, მუნიციპალიტეტიდან მათი აღდგენისათვის თანხა ამ დრომდე არ გამოყოფილა. საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ სკოლის აღდგენა განათლების სამინისტროს კომპეტენციაში შედის.