”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

2012–2015 წლებში სამცხე–ჯავახეთში სოციალური დახმარება 500 ბენეფიციარს შეუწყდა

ორი სხვადასხვა ოჯახი მსგავსი პრობლემებით. მარტოხელა ენძელა მურადოვა და ბალახაძეების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნის შემდეგ, ძირითადი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

ნაჩუქარი მაცივარი, კრედიტით შეძენილი გაზქურა და მოძველებული ტელევიზორი – ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ბალახაძეების შვიდსულიან ოჯახის  სამი  მცირე ოთახის დანგრეულ კედლებში შეხვდებით.  მრვალაშვილიანი დედა ამბობს, რომ ის შემოსავალი, რაც  მის ოჯახს აქვს, საარსებოდ საკმარისი არაა. დიასახლისის თქმით, სახელმწიფოსგან დახმარებას ოჯახი ორი წლის განმავლობაში იღებდა, ბოლო სამი თვეა მათ სოციალურად დაუცველთა სტატუსი მოეხსნათ.  აგენტმა  ამის მიზეზად  შრომისუნარიანი შვილები დაუსახელა, თუმცა დარეჯან ბალახაძე ირწმუნება, რომ მის შვილები  მუშად პერიოდულად მუშაობენ და  სტაბილური შემოსავალი არ აქვთ. მეუღლის ხელფასი კი მხოლოდ 100 ლარია.

დარეჯან ბალახაძის მსგავსად, 74 წლის  ენძელა მურადოვაც ამბობს, რომ   სოციალური დახმარება მოუხსნეს. მოხუცი განმარტავს,  რომ მეორე ჯგუფის ინვალიდია  და მკურნალობა სჭირდება.  სახლი, რომელიც მის მფლობელობაში იყო, პრობლემების გამო გაყიდა და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.  მურადოვა  ქუჩებს ასუფთავებს და ამაში 170 ლარს იღებს. მისი თქმით, პენსია და ხელფასი საკმარისი არაა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები მოაგვაროს, წამლები შეიძინოს, ქირის ფული გადაიხადოს და თვიდან თვემდე თავი გაიტანოს.

სოციალურ მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ენძელა მურადოვას 2010 წლის შემდეგ სოციალური დახმარება არ მიუღია. საგენტოს წარმომადგენლების თქმით, ბენეფიციარმა გადამოწმება მოითხოვა,  თუმცა მას კვლავ მაღალი ქულა დაუფიქსირდა. რაც შეეხება ბალახაძეების ოჯახს,  ტატა გამყრელიძის თქმით, ისინი  2015 წლის მარტამდე სოციალურ დახმარებას იღებდნენ, თუმცა ხელახალი გადამოწმებისას მათ ხელფასი და დამატებითი შემოსავალი დაუფიქსირდათ. აღნიშნულის გამო დახმარება შეუწყდათ. სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ქულების გამოთვლა კომპიუტერული სისტემით ხდება.

სტატისტიკური მონაცემებით, 2012 წელს, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით 7 000 სოციალურად დაუცველი იყო რეგისტრირებული. 2013 წელს მათი რიცხვი 6 760–მდე   შემცირდა. 2014 წელს, რეგიონში 6 661 სოციალური პაკეტის მომხმარებელი ირიცხებოდა, ხოლო 2015 წელს 6 551. სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველთა რაოდენობის შემცირება ქულათა დათვლის სისტემის ცვლილებამ განაპირობა. 2012 წლიდან 2015 წლამდე, სამცხე–ჯავახეთში  დახმარება  500 ბენეფიციარს შეუწყდა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე