მესხური ტერასების აღდგენა დაიწყო. მთის კალთებზე შეფენილი, ხელოვნურად დაბაქნებული ჰექტრობით ტერიტორია, რომელიც მთელ საქართველოში უნიკალური არქიტექტორული ნიმუშია, მალე ძველ იერ–სახეს დაიბრუნებს. პროექტს, მეღვინე გიორგი ნათენაძე, ბიზნესპარტნიორებთან ერთად ახორციელებს.
ტრადიციული მეთოდით ქვა ქვაზე იდება და კედლების მშრალად ამოყვანა მიმდინარეობს – ახალგაზრდა მეღვინემ, მესხური ტერასების აღდგენა დაიწყო. შ.პ.ს „ვარძიის ტერასების“ დირექტორი გიორგი ნათენაძე პროექტს ორ ბიზნესპარტნიორთან, „თი ბი სი“ ბანკის პრეზიდენტთან მამუკა ხაზარაძესთან და ვიცე–პრეზიდენტთან ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ახორციელებს. ახალგაზრდა მეღვინე ამბობს,რომ სამ წელიწადში ტერიტორია მუნიციპალიტეტში ყველაზე მიმზიდველი იქნება. შესაბამისად, განვითარდება აგრო–ტურიზმიც. მესხური ჯიშის უნიკალურ ყურძენსა და ღვინოს კი მთელი მსოფლიო გაიცნობს.
მესხური ტერასების აღდგენით სამუშაოებზე ის ადგილობრივები დასაქმდნენ, რომელთაც ქვაზე მუშაობა შეუძლიათ. 60–მდე ადამიანის მიერ შესრულებულ სამუშაოებს რესტავრატორი აკვირდება, რათა მშენებლობისას ხარვეზები არ გაიპაროს და უნიკალურ არქიტექტორულ ნიმუშს პირვანელი სახე დაუბრუნდეს.
მესხური ხარის თვალა, მესხური ძუძუ, კლერტმაგარა, მესხური შავი, მესხური საფერავი და სხვა – 24 ჯიშის ძირძველი ვაზი, 23 ჰექტარზე გაშენდება. გიორგი ნათენაძე ამბობს, რომ ერთ ჰექტარზე შესაძლოა 5 ტონამდე ყურძენი მოვიდეს. აღნიშნული ჯიშები მეღვინემ მიმდებარე სოფლებიდან შეაგროვა, შემდეგ კი მისი იდენტიფიცირება მოახდინა.
მესხური ტერასების აღდგენა, რომ სამცხე–ჯავახეთში აგრო–ტურიზმს განავითარებს და მას მთელს მსოფილოს გაანცობს, ამაზე ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელიც საუბრობს. ლევან ცაბაძის აზრით, გიორგი ნათენაძე მხარისათვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და ამიტომ კარგი იქნება თუ მას სხვა ბიზნესმენებიც მიბაძავენ. გამგებელი მესხეთში ღვინის წარმოების აღდგენას აუცილებლობად მიიჩნევს.
გიორგი ნათენაძე ტერასების აღდგენით, მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მეღვინეობის სფეროში ჩაერთო და ვაზის ძველი მესხური ჯიშების შეგროვება დაიწყო. ახალგაზრდა ფერმერი ამ ეტაპზე სამი სახეობის ადგილობრივ ღვინოს აწარმოებს.