”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადმინისტრაციულ შენობაში საშვთა სისტემა ისევ ამოქმედდა

ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში საშვთა სისტემა ამოქმედდა. მოქალაქეს, მერიაში, გამგეობასა და სამხარეო ადმინისტრაციაში შესასვლელად პირველ სართულზე გამოწერილი საშვი სჭირდება. ახალი სისტემის შემოღებაზე განსხვავებული არგუმენტები აქვთ მერიასა და გამგეობაში.

ამ მოქალაქემ ჯერ არ იცის, რომ კარი, რომლითაც მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში შედიოდა  –  დაკეტილია, საჯარო სამსახურებში შესვლა, მხოლოდ, საშვითაა შესაძლებელი. ახალციხის მერიაში, გამგეობასა და სამხარეო ადმინისტრაციაში მოხვედრა, მოქალაქეთა მომსახურების და საინფორმაციო ბიუროს გვერდის ავლით, შეუძლებელია. მოქალაქემ მისი საკითხი მისაღებში უნდა შეათანხმოს, სადაც საშვს გამოუწერენ და შესაბამის პირთან გადაამისამართებენ.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობისთვის, ახალი სისტემა სექტემბრიდან ამოქმედდა. ახალციხის გამგეობაში განმარტავენ, რომ საშვების შემოღების გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ეკუთვნის, მისი საშუალებით დაითვლიან, რამდენად ხშირად აკითხავენ მოქალაქეები საჯარო მოხელეებს. თანამშრომელი,  რომელსაც თვის განმავლობაში ადგილობრივები ყველაზე ხშირად მიმართავენ, შესაძლოა, წახალისდეს – ამბობენ გამგეობაში. რომელმა სამსახურმა გამოიჩინა თავი სექტემბერში და ყველაზე მეტ მოქალაქეს უმასპინძლა – ამ კითხვაზე გვიპასუხეს, რომ სექტემბრის თვის შედეგები ჯერ არ დაუთვლიათ.

ადმინისტრაციულ შენობაში საშვთა სისტემა 2014 წელსაც მოქმედებდა, რომელსაც მერობის კანდიდატი, გიორგი კოპაძე იწუნებდა. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საშვთა სისტემა გაუქმდა, თუმცა 1 წლის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ აზრი შეიცვალა და იგივე რეგულაციები აამოქმედა. საშვების ამოქმედებაზე განსხვავებული არგუმენტები აქვთ ახალციხის მერიასა და გამგეობაში. “საშვთა სისტემა შემოვიღეთ იმისთვის, რომ ქაოსი არ მომხდარიყო” – ამბობს გიორგი კოპაძე.

სიახლე ვრცელდება მედიის წევრებზეც. ჟურნალისტებს, ნებისმიერ მოხელესთან შესასვლელად, საშვის აღება მოუწევთ. გიორგი კოპაძის თქმით, მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და მოქალაქეებისთვის, საჯარო მოხელეებთან  ურთიერთობის განსხვავებული ფორმა, ადმინისტრაციის ახალ შენობაში გადასვლის შემდეგაც იმოქმედებს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე