”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“ქართული ოცნების” სამწლიან მმართველობას ახალციხელები აფასებენ

1 ოქტომბერი – თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც  ქვეყანაში ხელისუფლება  შეიცვალა. საპარლამეტო არჩევნების  შედეგად სამი წლის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა „ქართულმა ოცნებამ“ ჩაანაცვლა.

კითხვაზე: როგორ აისახა აღნიშნული მოვლენა ქვეყანაზე – ადგილობრივი მაცხოვრებლების მოსაზრებები არაერთგვაროვანია. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობები არ გაუმჯობესებულა. ზოგიერთები კი ამბობენ, რომ მთავრობა მათი კეთილდღეობისთვის ყველაფერს აკეთებს.

„ამ სამი წლის განმავლობაში მოსახლეობისათვის არაფერი გაკეთებულა“ –  აცხადებს გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ რეგიონული კოორდინატორი. ჯიმშერ გოგოლაურის თქმით, სამი წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა მოსახლება მოატყუა, რადგან ის ადამიანები, რომლებმაც „ოცნების“ მთავრობა სათავეში მოიყვანა დღეისათვის ხელისუფლებაში აღარ არიან.  პოლიტიკოსის თქმით, მნიშვნელოვანი ძვრების მოლოდინი არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლებისგან ჰქონდა.

„ციხეებში ადამიანები ისევ იღუპებიან, პოლიცია დემორალიზებულია, ქვეყანაში ნეპოტიზმია,  გაორმაგებულია საჯარო მოხელეთა რაოდენობა, დოლარის კურსი ყოველდღიურად იზრდება, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სიტუაცია არეულია, შეღავათიანი აგროსესხები გააჩერეს, შეჩერებულია კრედიტის გაცემა ლარში“ –  აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი „ოცნების“ სამწლიანი მმართველობის შეფასებისას. ზურაბ სადათიერაშვილის თქმით, კოალიციის ხელისუფლებამ  ყველა მიმართულებით კრახი განიცადა.

„ქართული ოცნების“ სამწლიანი მმართველობის შეფასება ვთხოვეთ კოალიციის წარმომადგენელსა და ახალციხის მერს გიორგი კოპაძეს. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლისგან  მოკლე ტექსტური შეტყობინებით შემდეგი პასუხი მივიღეთ:

„მთავრობაზე ვერ გაკეეთებს ბატონი გია და თავის მერობის პერიოდზე აქვს გაკეთებული ბევრჯერ კომენტარი. თან არც სცალია და ამ დღეებში გააკეთებს ანგარიშს.“

სამწლიანი მმართველობის პერიოდი „ფრაქცია – ქართული ოცნება ახალციხის“ თავმჯდომარემ  შეაფასა.  გიორგი ზაქროშვილის თქმით, ქვეყანის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯებიგადაიდგა, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრი დარჩა.   იგი აღნიშნავს, რომ  სოფლის მეურნეობაში  დიდი ინვესტიციები  ჩაიდო, ჯანმრთელობის უფასო სამედიცინო დაზღვევა ამოქმედა, განათლების სფეროში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, მოსახლეობის დიდი ნაწილის სოციალური მდგომარეობა კი  გაუმჯობესდა. თუმცა, „ქართული ოცნების“ წევრი მიიჩნევს, რომ მათი ყველაზე დიდი წარმატება სიტყვის თავისუფლებაა.

„ქართული ოცნების“  წევრები ფიქრობენ, რომ  მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას შეძლებენ მათი მმართველობის მომდევნო წლებშიც.   ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი აქცენტს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აკეთებენ და იმედოვნებენ, რომ მოსახლეობა ამჯერად, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე