დღეს, 30 სექტემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის სასამართლო პროცესი გაიმართა. მარინა გელაშვილი გამგებლის დადგენილების ბათილად ცნობას, განაცდური საათებისა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნულ საკითხებზე არ იმსჯელა.
გიორგი ლონდარიძემ მოპასუხე მხარის შუამდგომლობა დააკმაყოლია, რომელიც ხანდაზმულობის გამო საქმის შეწყვეტას ითხოვდა. მოსამართლის გადაწყვეტილება გაუგებარი აღმოჩნდა დაზარალებული მხარის ადვოკატისათვის. მისივე თქმით, სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო, მას შესაბამისი კვალიფიკაციაც მიანიჭა, ამიტომ საქმის განხილვა არ უნდა შეწყვეტილიყო. კულტრის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, მარინა გელაშვილმა კი განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა და აღნიშნულს სააპელაციოში გაასაჩივრებს.
მარინა გელაშვილი კონკურსის წესით შეირჩა და ბორჯომის მუნიციპალიოტეტის გამგეობაში ერთი წელი იმუშავა. მისი მტკიცებით, სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ამ ადგილზე გამგებლის ძმაკაცის ცოლი დანიშნულიყო. გელაშვილის თქმით, კულტურის სამსახურის ახალ უფროსს შესაბამისი განათლება არ აქვს.