უნიკალური წყლის ტუმბო, რომელსაც არ სჭირდება ელექტროენერგია და საწვავი – ინჟნერ-მშენებლის სოსო ნარჩემაშვილის მიერ დაპატენტებული გამოგონების მეშვეობით, ახალქალაქის სოფელ ოლავერდში ადგილობრივებს სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებათ. ტუმბო სათავე ნაგებობაზეა დამონტაჟებული და შემკრებ აუზს წყალს 500 მეტრ სიგრძეზე და 40 მეტრ სიმაღლეზე აწვდის. აღნიშნულისთვის კი 100 მილიმეტრიანი ლითონის მილია გამოყენებული.
ოლავერდის მაცხოვრებლები აბობენ, რომ უნიკალური მოწყობილობის დამონტაჟენამდე ისინი წყალს შორი მანძილიდან იმარაგებდნენ, რაც გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
80 კომლიან სოფელში სასმელი წყალი მოსახლეობის, დაახლოებით 70 %-ს არ მიეწოდებოდა. ძველი ელექტრო ტუმბოს საშუალებით კი წყლის ოჯახებამდე მიყვანა, ერთ მოსახლეს თვეში 30 ლარამდე უჯდებოდა. მაღალი ხარჯების გამო, ადგილობრივებმა მისი გამოყენება შეწყვიტეს.
თავდაპირველად, ადგილობრივები აღნიშნულ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებდნენ. მიუხედავად ამისა, მათ მილების შესაძენად სოფელში თანხა შეაგროვეს და სამონტაჟო სამუშაოებში ჩაერთვნენ. ამ დროისათვის ტუმბოს მეშვეობით შემკრებ აუზს დღე-ღამის განმავლობაში 120 ტონა წყალი მიეწოდება, რაც სოფლის მოსახლეობის სასმელი წყლით სრულად მომარაგებისთვის საკმარისია. ადგილბრივებისთვის ამ ეტაპზე პრობლემას შიდა ქსელის სიძველე წარმოადგენს. ოლავერდის მაცხოვრებლებმა საკუთარი ხარჯებით მილების შეცვლა მხოლოდ 100 მეტრზე შეძლეს.
უნიკალური წყლის ტუმბო ინჟინერ-მშენებელმა პირველად სოფელ ლამისყანაში დაამონტაჟა. სოსო ნარჩემაშვილმა გამოგონება დააპატენტა, შემდეგ კი მოწყობილობის გამოყენება სხვა სოფლებსაც შესთავაზა. გამომგონებელი ირწმუნება, რომ მსოფლიოში არსებული ანალოგებიდან ვერცერთმა ტუმბომ მსგავს შედეგს ვერ მიაღწია. მოწყობილობა ჰიდრავლიკურ დარტყმებზე მუშაობს და მისი მთავარი მიზანია, წყალი უწყვეტ რეჟიმში მოედინებოდეს.
წყლის ტუმბო სოფელ ოლავერდში კავკასიური ინსტიტუტის ინიციატივით, პროექტის „ადგილობრივი ინიციატივები განვითარებისთვის“ ფარგლებში დამონტაჟდა. კვლევითი ცენტრი სოფელში 2014 წლიდან მუშაობს. მისი მიზანი თემში არსებული პრობლემების გამოკვლევა და მათი გადაჭრის გზების ძიებაა. პროექტის მენეჯერის განმარტებით, ოლავერდში სასმელი წყლის პრობლემა გამოიკვეთა და მის მოსაგვარებლად კავკასიურმა ინსტიტუტმა ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვა გადაწყვიტა.
ოლავერდში წყლის ტუმბო სატესტო რეჟიმში ივლისის თვიდან მუშაობდა. დღეისათვის კი იგი სოფელს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. კავკასიური ინსტიტუტის პროექტის მენეჯერის თქმით, შესაძლოა, აღნიშნული მეთოდი სხვა სოფლებშიც დანერგონ.