გამგეობის ყოფილი თანამშრომლების სასამართლო პროცესი სრულდება. სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარადგინეს. პროკურორმა რევაზ მერაბიშვილისა და გიორგი ქასრაშვილის ბრალეულობაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ ბრალდებულებმა 20 000 ლარამდე თანხა უკანონოდ მიითვისეს.
თამუნა ზურაბაშვილმა სასამართლოს განუმარტა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „სამცხე 21–მ“ ახალციხეში ასპინძის ქუჩის 28 ნომერში მდებარე კორპუსზე, სახურავის სამშენებლო სამუშაოები კანონის დარღვევით განახორციელა, რადგან პროექტითა და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების ხარისხი და მოცულობა შესრულებული სამუშაოების ხარისხსა და მოცულობას არ ემთხვევა. პროკურორის მტკიცებით, აღნიშნულს ადასტურებს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპეტიზის დასკვნაც. გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა კი სამუშაოები ხელმოწერებით დაამოწმეს და შპს–ს შესრულებულად ჩაუთვალეს. ბრალდების მხარემ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მოსთხოვა.
გამგეობის ყოფილი თანამშრომლების ადვოკატმა პროკურორის მიერ წარდგენილ სიტყვას არაფრისმთქმელი უწოდა. ირაკლი ბარძიმაძის მტკიცებით, სამხარაულის ექსპერტიზის წარმომადგენელმა სახურავზე მოკვლევა ხილვადობის მიხედვით ჩაატარა. შესაბამისად, ექსპერტმა გამოყენებული მასალის სრული ოდენობის დათვლა და ხარჯების დაანგარიშება ვერ მოახდინა. ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობა საქმეში არ იკვეთება. ბარძიმაძის თქმით, სასამართლომ ყველა ბრალდების ნაწილში გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს.
დასკვნითი სიტყვა წარადგინა ერთ–ერთმა ბრალდებულმაც:
„რა მოცულობებიც იყო ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული, ზუსტად ის მოცულობებია სახურავზე. ზუსტად ის არის რაზეც მე მოვაწერე ხელი.არავითარი დანაკლისი არ არის. სამხარაულის ექსპერტიზის ექსპერტის მიერ სახურავის მთლიანი მოცულობა აზომილი არ არის “ – განუცხადა რევაზ მერაბიშვილმა სასამართლოს.
პროკურორმა რეპლიკის მომზადებისთვის გონივრული ვადა მოითხოვა. მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის გადაწყვეტილებით, შემდეგი სასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს 15:00 საათზე გაიმართება.