”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სპეციალისტები კარტოფილზე ფასის გაზრდას ვარაუდობენ

სამცხე–ჯავახეთში საშემოდგომო სამუშაოები დაიწყო.  ამ ეტაპზე  მოსავლის აღება მიმდინარეობს. ახალციხის სოფლებში  გლეხები  ჩივიან, რომ ეს წელი უხვი მოსავლით არ გამოირჩევა. კარტოფილის რაოდენობა  მცირეა, ამასთანავე მას მშრალი და სველი სიდამპლე აღენიშნება. ფერმერები ფიქრობენ, რომ  პროდუქტის სიმცირის გამო, შესაძლოა  ბაზარზე მოსავლის სარეალიზაციოდ გატანა ვერ მოახერხონ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მსგავსად, მოსავლის სიმცირეზე საუბრობენ ადიგენშიც. გლეხების თქმით,  უხვი ნალექის გამო კარტოფილი დალპა, სეტყვამ ნათესები და ნარგავები გაანადგურა, გვალვამ კი მოსავალი საბოლოოდ გააფუჭა.

საშემოდგომო სამუშაოებს, შ.პ.ს სასოფლო–საკონსულტაციო ცენტრი საკუთარ ნაკვეთებზე  ახორციელებს. აგრო–კონსულტანტის ნუგზარ კაველიძის თქმით,  მოსავალი წინა წლებთან შედარებით მცირეა, თუმცა პროდუქცია  ხარისხიანია. გლეხების მსგავსად, საკონსულტაციო სამსაუხრშიც ვარაუდობენ, რომ ფერმერებს გასაყიდი პროდუქცია არ აქვთ, რაც ბაზარზე  სოფლის პროდუქტის ფასების გაზრდას გამოიწვევს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ  სამმართველოში კარტოფილის მოსავალს 34 ათას ტონამდე ელოდებოდნენ, თუმცა მათი პროგნოზი არ გამართლდა. სამმართველოს უფროსის მოადგილის თქმით, რეგიონში მოსავლაინობა დაბალია, რაც სოფლის პროდუქტის თვითღირებულებას ზრდის. მამუკა თამარაძე ირწმუნება, რომ ბაზარზე ფასების დარეგულირებისთვის  სახელმწიფო საკუთარ ბერკეტებს აამუშავებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ  სამმართველოში ამბობენ, რომ მარცვლოვანი კულტურები – ქერი, შვრია და ხორბალი უკვე დაბინავებულია. ხოლო კარტოფილის აღება ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის დასრულდება.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე