”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

შალვა აბულაძე ადვოკატის დაცვაზე უარის თქმას ფიქრობს

ორი პოლიციელის მკვლელობაში, ორის მკვლელობის მცდელობასა და იარაღის  უკანონო  შეძენა–შენახვა–ტარებაში ბრალდებული ამბობს, რომ შესაძლოა, სამომავლოდ იურიდიულ დახმარებაზე უარი განაცხადოს.

პროკურატურის თანამშრომელი სამუდამო პატიმრობით მემუქრება – ეს განცხადება შალვა აბულაძემ ახალციხის რაიონულ სასამართლოში გააკეთა. მან პროკურორისგან აღნიშნულის გამოძიება მოითხოვა.  ორი პოლიციელის მკვლელობაში, ორის მკვლელობის მცდელობასა და იარაღის  უკანონო  შეძენა–შენახვა–ტარებაში ბრალდებული ამბობს, რომ შესაძლოა სამომავლოდ იურიდიულ დახმარებაზე უარი განაცხადოს.

‘ეს არის უკიდურესი ზომა და ფორმა, როდესაც ბრალდებული უარს აცხადებს ადვოკატზე“ – აღნიშნავს დაცვის მხარის წარმომადგენელი.  შალვა ხაჭაპურიძის თქმით,  არ აქვს აზრი რას იტყვის შალვა აბულაძე.  იმ ფაქტზე რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ემუქრებიან, აწამებენ და სასტიკად უსწორდებიან მოსამართლისა და  პროკურორის მხრიდან საპასუხო რეაგირებას ვერ იღებენ. ადვოკატის განმარტებით, ამ ფონზე  მისი დაცვის ქვეშ მყოფისგან აღნიშნული გადაწყვეტილება მოსალოდნელია.

შალვა აბულაძის საქმეზე სასამართლომ მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო. პროკურორმა დავით ნეფარიძემ  მართლმსაჯულების ორგანოს ოთხი მოწმე წარუდგინა.  დაიკითხა გარდაცვლილი პოლიციელის ბექა მარგიშვილის ეკიპაჟის ერთ–ერთი წევრი ვახტანგ გურიაშვილი, რომელიც სროლის დროს შემთხვევით გადარჩა. დაზარალებულის სტატუსით დაიკითხნენ ასევე პოლიციელები შალვა ჯინიყაშვილი და მალხაზ ჩიხრაძე, რომლებმაც სასამართლოს განუცხადეს, რომ თანამშრომლის მკვლელობის შემდეგ, გამთენიისას  ძებნილ შალვა აბულაძეს წულუკიძის ქუჩაზე გადააწყდნენ, რომელმაც მათ ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნა. მოწმე  ემზარ საათაშვილის თქმით, კი მეწყვილესთან ერთად პატრულირების დროს სამგორის ტერიტორიაზე ბრალდებულს შეხვდა. მისივე მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ პიროვნება ხელოვნურ თმას ატარებდა  და სახე ცარცით ჰქონდა შეღებილი, მასში ბრალდებული ამოიცნო.  საათაშვილი ირწმუნება, რომ აბულაძემ მათაც ცეცხლი გაუხსნა.

სხდომაზე დაცვის მხარემ განაცხადა, რომ თბილისის ეპიზოდთან დაკავშირებული მოწმეების გამოძახებით რიგითობა ირღვევა, რადგან პირველად პოლიციელების მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტები ბორჯომში მოხდა. გარდა ამისა, დაცვის მხარის მტკიცებით, საქმე განხილული უნდა იქნეს იმ ტერიტორიაზე ,სადაც მეტი მოწმე და დაზარალებულია წარმოდგენილი.  შალვა ხაჭაპურიძე მიიჩნევს, რომ საქმის ახალციხეში განხილვა გამიზნულად ხდება, რადგან საზოგადოებისა და პრესის ყურადღება თავიდან აიცილონ. აღნიშნულს არ ეთანხმება ბრალდების მხარე.

ადვოკატთან და ბრალმდებელთან ერთად, მოწმეების დაკითხვას თავად შალვა აბულაძეც აწარმოებდა, რომელმაც მთელი პროცესი, მოსამართლის თანხმობით, ფეხზე მდგომმა გაატარა. დღესვე  სხდომაზე  აბულაძის პატიმრობაში დარჩენის საკითხიც განიხილეს. როგორც გოჩა ჯეირანიშვილმა განმარტა, სასამართლო ვალდებულია, აღნიშნულ საკითხზე ყოველ ორ თვეში ერთხელ იმსჯელოს.  მხარეთა არგუმენტების მოსმენის შემდეგ კი  მოსამართლის გადაწყვეტილებით შალვა აბულაძე ისევ  პატიმრობაში რჩება.  მომდევნო  პროცესი 29 სექტემბერს 16:00 საათისთვის  ჩაინიშნა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე