”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენის საკრებულოში კვალიფიციური იურისტების ნაკლებობას განიცდიან

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება იმ საკითხმა გამოიწვია, რომელსაც კენჭი დეპუტატებმა  რიგგარეშე სხდომაზე დღეს, 17 სექტემბერს უყარეს. თვითმმართველობა ლევან ლობჯანიძის მიერ, ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოგებული საქმის მაღალ ინსტანციაში გასაჩივრების მიზნით, კვალიფიციური ადვოკატის აყვანას აპირებს. ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ მათი იურისტის კომპეტენცია სააპელაციოში საქმის წარმოებას არ შეესაბამება.

იურისტი კონკურსის წესით შეირჩა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის მუნიციპალიტეტის ინტერესების ღირსეულად დაცვას ვერ ახერხებს – ამბობენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.  რატი ტატალაშვილი ეჭვობს, რომ მომავალში მუნიციპალიტეტს ყველა წარმოებული დავის დროს, ბიუჯეტის ხარჯით ადვოკატების აყვანის საჭიროება დადგება. მალხაზ ბოჩიკაშვილი კი ნეპოტიზმზე საუბრობს.

სააპელაციო სასამართლოსგან განსხვავებულ განაჩენს არ ელის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე. ამიტომ ლევან ლობჯანიძე ამბობს, რომ დაქირავებული ადვოკატის ანაზღაურება, რომელიც ბიუჯეტიდან უნდა გადაიხადონ, წყალში გადაყრილი იქნება. გარდა ამისა, გამგეობას ლობჯანიძისთვის განაცდურ საათებში 20 ათასამდე ლარის გადახდა მოუწევს.

მე არ ვარ იმ კვალიფიკაციის, რომ სააპალეციო სასამართლოში საქმის წარმოებას კარგად გავრთვა  თავი – ამბობს ადიგენის საკრებულოს იურისტი, რომელიც პროფესიით სამართალმცოდნეა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო – ამბობს ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე. იმედა მღებრიშვილი ფიქრობს, რომ ნებისმიერი კომპეტენციის ადვოკატის ყოლის შემთხვევაში, მარიკა ჩიტაშვილი იგივე განაჩენს გამოიტანდა.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ვარაუდით, კვალიფიციური ადვოკატის დაქირავება ადიგენის თვითმმართველობას 5 ათასი ლარი დაუჯდება, საკრებულოს თავმჯდომარე კი ამბობს, რომ იურისტს ბიუჯეტიდან დაახლოებით, 1 500 ლარს გადაუხდიან.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე