„დღე ავტომობილის გარეშე ” – ამ სახელწოდების აქცია ახალციხეში 22 სექტემბერს მოეწყობა. მისი მიზანია ადამიანები ავტომობილების ნეგატიურ გავლენაზე და ალტერნატიული საწვავის გამოყენებაზე დააფიქრონ.
აქციას ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი უერთდება. ცენტრის წევრები და მოხალისეები საზოგადოებას მოუწოდებენ 22 სექტემბერს ავტომობილის გარეშე იმოძრაონ. ხოლო, მათ ვინც ფეხით გადაადგილებას ვერ შეძლებენ, ავტომობილებს სოლიდარობის ნიშნად მწვანე ლენტები დაუმაგრონ.
ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება შეუერთდეს მსვლელობას, რომელიც 15:00 საათზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან ცენტრალურ პარკამდე მოეწყობა.
აღნიშნული აქცია სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარგლებში ჩატარდება.
“დღე – ავტომობილების გარეშე” 2000 წელს ევროკომისიამ დაარსა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეკოლოგიურმა აქციამ ავტომობილების გარეშე სტარტი პირველად საფრანგეთში აიღო. ამ დროისათვის ეს დღე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. ატმოსფეროს დაბინძურების 90% სწორედ ავტოტრანსპორტზე მოდის. აქციის მონაწილეები მოქალაქეებს მოუწოდებენ ორბორბლიანი ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმოძრაონ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ავტოტრანსპორტის რიცხვი; 0,1ლ/კმ ბენზინის წვის დროს ავტომობილის მიერ გამოიყოფა 40-60 გრამი ტყვია, რომლის 20% კონცენტრირდება მანქანასთან, დანარჩენი კი ჰაერში იფანტება; ატმოსფეროს დაბინძურების 90% ავტოტრანსპორტზე მოდის. ავტოავარიაში ყოველდღიურად საშუალოდ 3000 ადამიანი იღუპება.
You must be logged in to post a comment.