”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხესა და ადიგენში სასმელი წყალი დაბინძურებულია

Untitledახალციხესა და ადიგენში  ზოგიერთ ქუჩასა და სოფელში სასმელი წყალი დაბინძურებულია. ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის მიერ აღებული 13 ნიმუშიდან ხუთ მათგანში დარღვევა დაფიქსირდა.

სასმელ წყალში კოლიფორმები აღმოჩნდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში განმეორებით შემოწმებისას, ენთელში ჭის წყალში, ასევე, დაბა აბასთუმანში. საშიში ბაქტერიები აღმოჩნდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის ბაგა–ბაღშიც.

მცირედ მომატებუილ ჟანგვადობა დაფიქსირდა ახალციხეში რუსთაველის ქუჩის 101 ნომერში აღებული ონკანის წყალშიც.

სპეციალისტთა განმარტებით, მცირედ მომატებული პერმანგანატული ჟანგვადობა ყველა სხვა პარამეტრის ნორმასთან შესაბამისობის ფონზე სერიოზულ დარღვევას არ წარმოადგენს და იგი, სავარაუდოდ,  გაყვანილობის სიძველით არის გამოწვეული. ცენტრის წარმომადგენლებმა შედეგის შესახებ მომხმარებელს აცნობეს და ურჩიეს, წყალი მოხმარებამდე რამდენიმე წუთის განმავლობაში ადინონ.

რაც შეეხება კოლიფორმებს, ბაქტერიებით ან მათ მიერ გამომუშავებული ტოქსინებით დაბინძურებული საკვების ან წყლის მოხმარებამ შეიძლება სხვადასხვა დაავადებები გამოიწვიოს: ნაწლავური ინფექციები, შარდსადენი გზებისა და სასქესო ორგანოების დაზიანება, ბაქტერიემია, მენინგიტი და სხვა. შესაბამისად ნაწლავის ჩხირით გამოწვეული მოწამვლა შესაძლებელია ხასიათდებოდეს სხვადასხვა სიმპტომებით: გულისრევით, მუცლის ტკივილით, ტემპერატურის აწევით, სისუსტით ან უმადობით. მძიმე შემთხვევების დროს შესაძლებელია განვითარდეს სეფსისიც.

ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრმა მომხმარებელთა მიმართვის საფუძველზე, ასევე, დარღვევების გადამოწმების მიზნით, წყლის 13 ნიმუში ლაბორატორიულად, მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბერის თვეებში გამოიკვლია.

აღმოჩენილი დარღვევების შესახებ  მომხმარებლებს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოს ეცნობა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე