დაბა ასპინძაში ორი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი, რომლსაც 900 ათასი ლარი მოხმარდება, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნენ სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ასპინძის გამგებელი ლევან ცაბაძე.
N 1 საბავშვო ბაღში სრულად შეიცვალა კარ–ფანჯარა და იატაკი, ეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები, მიმდინარეობს გარე ფასადის მოპირკეთებაც. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია ბაღის ახალი ავეჯით, სათამაშოებითა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა. ასევე, კეთილმოეწყობა ეზო და საბავშვო გასართობი მოედანი.
კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს N2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაშიც.
„ბაღების რეაბილიტაციის შემდეგ დამატებითი ჯგუფების გახსნის შესაძლებლობა გვექნება, რაც შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გულისხმობს, ვგეგმავთ ასევე სპეციალური ტრანსპორტის დანიშვნას, რათა ახლომდებარე სოფლებიდანაც უზრუნველვყოთ ბავშვების ჩამოყვანა. გარდა ამისა გაიხსნება ინტეგრირებული ჯგუფი, სადაც არაქართული სოფლის, დამალის 80 -მდე პატარა ქართველ თანატოლებთან ერთად ისწავლის.“ – აცხადებს გამგებელი ლევან ცაბაძე.
რეაბილიტაციის შემდეგ დაბა ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა კონტიგენტი 250-დან 700 აღსაზრდელამდე გაიზრდება.
სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, ბოლო პერიოდში ხუთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 23 ბაგა-ბაღს, მოხდა მათი ინვენტარითა და სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფა.
გუბერნიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ ექვსი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორის არის, ასპინძის მუნიციპალიტეტში – დაბა ასპინძის N1 და N2 საბავშვო ბაღები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში – ქალაქის N2, N3, სოფლების კუმურდოსა და კარწახის საბავშვო ბაღები.
You must be logged in to post a comment.