შორეთის ტაძრის გადაუდებელი სარებილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტიის მიხედვით, სამონასტრო კომპლექსის აღდგენა ეტაპობრივად მოხდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველ რიგში გაწმენდითი სამუშაოები ჩატარება.
„ძეგლი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. იმისთვის, რომ მთლიანად გამოჩნდეს ამ ტაძრის დიდებულება, პირველ ეტაპზე, უნდა გაიწმინდოს მიმდებარე ტერიტორია და ტაძრის ფასადები, გამაგრდეს ყველაზე დაზიანებული უბნები და განხორციელდეს კონსერვაცია. პროექტის მიხედვით, ეტაპობრივად მოხდება ფასადების გამაგრება, კონსერვაცია, გუმბათის აღდგენა და გადახურვა“ – აცხადებს „მეცხრე არხთან“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უფროსი.
ნათია მურაჩაშვილის თქმით, კომპლექსის რეაბილიტაციისას განსაკუთრებული ყურადღება ხარისხს მიენიჭება და შენარჩუნებული იქნება ძეგლის მხატვრული სტილი.
„შორეთი თავისი მდებარეობით არის სამცხე–ჯავახეთის ძალიან მაღლობში. აქედან გამომდინარე, რთულ პროცესს წარმოადგენს სამშენებლო მასალის ადგილზე მიტანა, მაგრამ ასეთი პროექტი არაერთი ყოფილა ძეგლთა დაცვის სფეროში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ შორეთის ტაძარს განადგურება აღარ ემუქრება“ – აღნიშნავს ნათია მურაჩაშვილი
შორეთის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია 2015 წლის აგვისტოს თვეში დაიწყო. საპროექტო სამუშაოები 2014 წელს შესრულდა, რომელსაც საფუძვლად წლების განმავლობაში არსებული, განუხორციელებელი პროექტი დაედო. დღეისათვის რეაბილიტაცია ძველი პროექტის კორექტირებული ვარიანტის მიხედვით მიმდინარეობს.
სამუშაოები წლის ბოლომდე, ზამთრის პერიოდისთვის დასრულდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროცესი 2016 წელს განახლდება.
შორეთის სამონასტრო კომპლექსი ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ძეგლი სამი სართულისგან შედგება, სადაც რამდენიმე ეკლესიაა გაერთიანებული. ტერიტორიაზე განთავსებულია საძვალეც. ტაძრის აგების კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის. ისტორიკოსების მოსაზრებით, ძეგლის მშენებლობა წინარე ქრისტიანული ხანიდან იწყება. სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპლექსი მეოთხე საუკუნეშია აგებული, თუმცა არქეოლოგიური კვლევების შედეგად, ტერიტორიაზე, როგორც მეოთხე, ასევე მერვე, მეცხრე, მეთორმეტე და მეთოთხმეტე საუკუნის მშენებლობის კვალია აღმოჩენილი.
You must be logged in to post a comment.