ახალი აღმოჩენის შემდეგ კლდის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო. ვარძიაში დამონტაჟდა აპარატურა, რომელიც ძეგლზე სეისმურ დაკვირვებას ახორციელებს. წინასწარ შერჩეულ, ყველაზე კრიტიკულ ადგილებში კლდის გამაგრების სამუშაოებს ქართველი სპეციალისტები იტალიელ და ინგლისელ კოლეგებთან ერთად ახორციელებენ.
ვარძიაში კლდის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო. ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი ახალ ეტაპზე გადავიდა. იმისათვის, რომ კომპლექსის ყველაზე კრიტიკული ადგილები არ ჩამოიშალოს, ექსპერტები გამაგრებით სამუშაოებს ატარებენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს მოეწყობა სველი წერტილებიც და მხატვრობის კონსერვაციის პროექტის მიხედვით, უშუალოდ სამუშაოები დაიწყება.
ვარძიის ისტორიულ კომპლექსში სარეაბილიტაციო და გამაგრებითი სამუშაოები მეორე წელია მიმდინარეობს, პარალელურად ხორციელდება კვლევებიც. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ივლისის თვეში კიდევ ერთი ახალი უბანი გამოჩნდა. პირველ ეტაპზე ორი ახალი იარუსი და მასში არსებული 10 ქვაბული გამოვლინდა. ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ კვლევები კვლავ გრძელდება.
წინასწარ შერჩეულ, ყველაზე კრიტიკულ ადგილებში კლდის გამაგრების სამუშაოებს ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ერთობლივად ახორციელებენ. იუნესკოს მთავარი ექსპერტი, გეოლოგი კლაუდიო მარგოტინი განმარტავს, რომ კლდის გამაგრების აღნიშნული მეთოდი საქართველოში პირველია, ამიტომ ისინი ინტენსიურად დააკვირდებიან რამდენად გაამართლებს იგი.
( ჩვენ ახლა ვმუშაობთ სპეციფიკურ ელემენტზე, ქართველი და იტალიელი ექსპერტების ორი სხვადასხვა ჯგუფია. კომპლექსის კონსერვაციაზე მუშობა გასულ წელს დავიწყეთ, კლდის გამაგრებისთვის შევიმუშავეთ მეთოდები, განვახორციელეთ მონიტორინგი და ახლა ჩვენ ყველაზე კრიტიკული ადგილების გამაგრებაზე ვმუშობთ)
გამაგრების სამუშოების პარალელურად, ვარძიაში კედლის მხატვრობის გადარჩენის პროგრამაც ხორციელდება. უძველესი მხატვრობის შენარჩუნების პროექტს ბრიტანული დონორი ორგანიზაცია “ჯექსონის ფონდი” აფინანსებს. მის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ლონდონის უნივერსიტეტის კურტოს სტუდენტები კედლის მხატვრობის შესრულების ტექნიკასა და არსებულ მდგომარეობას შეისწავლიან.
ჩამოვედით იმისათვის, რომ ვნახოთ როგორ მიმდინარეობს ჩვენი და ქართული მხარის ერთობლივი 4 წლიანი პროექტი, ვაგროვებთ მონაცემებს, რომ გავაკეთოთ დასკვნა, რომელსაც შემდეგში კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურის სამინისტროს გავუზიარებთ. ჩვენი მიზანია ვნახოთ, რამდენად მიზანმიმართულად იხარჯება „ჯექსონის ფონდის“ მიერ გამოყოფილი თანხა.
ვარძიაში, კლდეში ნაკვეთი კომპექსის გადარჩენის მიზნით, სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. კერძოდ, მიმდინარეობს კლდის კვლევა, გამაგრება-კონსერვაცია, ძეგლის არქეოლოგიური შესწავლა, კედლის მხატვრობის დიაგნოსტიკა და ტურისტული ინფრასტუქტურის კეთილმოწყობა. პროექტი ხუთ წლიანია და იგი 2018 წელს დასრულდება.