ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 90 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში გადაეცემა. ამასთან დაკავშირებით ეკომიგრანტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აჭრის ა/რ მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ნინოწმინდის გამგებელი შეხვდებიან. ისინი სამთავრობო პროექტის „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების თაობაზე“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს დაათვალიერებენ.
პროექტის ფარგლებში ნინოწმინდაში მიმდინარეობს სამინისტროს მიერ 2004-2012 წლებში შესყიდული საცხოვრებელი სახლების აზომვითი საკადასტრო ნახაზების მომზადება, რომლითაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების ახლებური წესით რეგისტრაცია უნდა მოხდეს, მათი შემდგომი საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
მუნიციპალიტეტში ამ პროექტის ფარგლებში 90 ეკომიგრანტ ოჯახს, ხოლო საქართველოს მასშტაბით, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი 1 200 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდება.
ამასთანავე, 23 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში ქ.ბათუმის N 1 პოლიკლინიკის 11 სხვადასხვა პროფილის ექიმი, ნინოწმინდაში მცხოვრები ადგილობრივი და სტიქიური მოვლენების შედეგად აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან ჩასახლებული მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებენ.
You must be logged in to post a comment.