ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანის დაწვის გამო დაკითხულ ერთ–ერთ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალად პოლიციელებზე თავდასხმა ედება. როგორც დაკავებულის ადვოკატი განმარტავს, წაყენებული ბრალის მიხედვით, ავტომანქანის დაწვის საქმეზე სამართალდამცველებმა ჯერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკითხეს, შემდეგ კი აღნიშნული პირის მეუღლე. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია დაკავებული პროტესტი და მან რამდენიმე პოლიციელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ახალციხის რაიონული სასამართლოში გამართულ პროცესზე ადვოკატმა გიორგი ჩიტაძემ აღკვეთის ღონისძიებად გირაოს სახით, 3000 ლარის შეფარდება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
აღნიშული პირის დაკავებას აპროტესტებენ მანქანის დაწვის საქმეზე დაიკითხული სხვა მოწმეები. ერთ–ერთი მათაგნი, ირაკლი კვირკველია ამბობს, რომ სამართალდამცველებმა ამჟამად დაკავებული პირის მიმართ, ფიზიკური ზეწოლა განახორციელეს. ამას ადასტურებს სხეულზე არსებული დაზიანებები, რომელიც მას დაკითხვის შემდეგ აღენიშნებოდა. კვირკველია ასევე მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან, აღნიშნული პირის დაპატიმრებისათვის ეს მიზანმიმართული ქმედება იყო.
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანის დაწვის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს. შემთხვევა 21 აგვისტოს, დილის 4 საათზე მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მანქანას უკანა ბორბლებზე ბენზინი ჰქონდა მისხმული. ცეცხლის შესახებ მეზობლებმა დროულად შეიტყვეს. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის ავტომანქანის დაწვის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.