გურამიშვილის ქუჩის მოსახლეობის ნაწილი ახალციხის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ადგილობრივების პროტესტი გზის რეაბილიტაციას მოჰყვა. აქ მაცხოვრებლები ჩივიან, რომ ასფალტის საფარს ქუჩაზე ყველგან არ აგებენ, ნაწილობრივ მონტაჟდება სანიაღვრე არხებიც. წყალგამტარის არარსებობის გამო, ყოველი წვიმის შემდეგ ზოგიერთი მოსახლის ეზო და სათავსო იტბორება.
გურამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ამ პრობლემების მოგვარების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, საკითხის უყურადღებოდ დატოვების შემდეგ, გურამიშვილის ქუჩის უკმაყოფილო მოსახლეობამ დახმარებისთვის ოპოზიციური პარტიის წევრს მიმართა. ჯიმშერ გოგოლაური ქუჩის რეაბილიტაციის პროექტს იწუნებს და ამბობს, რომ მასში ბევრი დეტალი გათვალისწინებული არ არის.
გურამიშვილის ქუჩაზე რამდენიმე ჩიხი რეაბილიტაციის გარეშე დარჩა. როგორც ადგილობრივებს მერიაში განუმარტეს, პროექტში გზის ამ ნაწილის მოასფალტება არ შედის. თუმცა, აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრებ მერიის ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის უფროსის სახლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია მოასფალტებულია და სანიაღვრე არხებიც მოწყობილია. შედიოდა თუ არა გურამიშვილის ქუჩის ეს ნაწილი პროექტში – ამაზე კომენტარის გაკეთება გელვასი გელაძემ არ ისურვა. მერის წარმომადგენელი დავით სამსონიძე ირწმუნება, რომ ქუჩას რეაბილიტაცია პროექტის მიხედვით უტარდება.
პროექტის მიხედვით, გურამიშვილის ქუჩაზე 1311 მეტრიანი გზის მომნაკვეთის მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობაა დაგეგმილი. ქუჩის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეა დაიწყო. მშენებლობა აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს. სამუშაოებს შპს ,,არალი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 379 ათასი ლარია. კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა კი 2 წელი.