ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. კახა ბერიძემ აღნიშნული გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღო. მან შიდა დაპირისპირება უარყო და განმარტა, რომ საკრებულოში ერთწლიანი მუშაობის შემდეგ იგი დედაქალაში ერთ–ერთ კლინიკაში სამუშაოდ გადადის. პოსტის დატოვების მიზეზად საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ სწორედ ეს მიზეზი დაასახელა.
თუ ვის კანდიდატურას წარადგენენ ქალაქის პირველი პირის თანამდებობაზე დეპუტატები, ჯერჯერობით უცნობია. დღეისათვის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი მოადგილე ასრულებს. თამარ გოგოლაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ პოსტზე მისი კანდიდატურა არ მოიაზრება. მისივე თქმით, საკრებულოს გადაწყვეტილება ცნობილი ზუსტად ერთ კვირაში გახდება.
უმცირესობის დეპუტატი შალვა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ პოსტს კვლავ „ქართული ოცნების“ რომელიმე დეპუტატი დაიკავებს. მისი განმარტებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ დასახელებული პირი ვერ გაიმარჯვებს, რადგან საკმარის ხმებს ვერ მოიპოვებს.
ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურის დასახელებას აპირებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. თუმცა ვინაობის გამხელისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. პარტიის წევრები კახა ბერიძის მუშაობას დადებითად აფასებენ. მათი აზრით, ბერიძემ პოსტი მხოლოდ იმიტომ დატოვა, რომ გარკვეული პირები მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმება „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელიც.
კახა ბერიძე მანდატის დატოვებას არ აპირებს. იგი საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატად რჩება. ქალაქ ახალციხის საკრებულოს სხდომა ერთი კვირის შემდეგ გაიმართება, რა დროსაც კანდიდატებისა და ახალი თავმჯდომარის ვონაობა ცნობილი გახდება.