დილიდან ხმაური იყო მინაძის წყლის სატუმბი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. სადგურის უფროსმა ადგილობრივებს თანხის წინასწარ შეტანამდე, სარწყავი წყლით სარგებლობის უფლება აღარ მისცა. მან მოსახლეობას განუმარტა, რომ ამის შესახებ ბრძანება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლისგან მიიღო.
ორი სოფლის – მინაძე-ჭაჭარაქის მაცხოვრებლებმა უკმაყოფილება მას შემდეგ გამოთქვეს, რაც სატუმბი სადგურის უფროსმა თანხის წინასწარ გადახდის გარეშე სარწყავი წყლით სარგებლობა შეუზღუდა. ფერმერების თქმით, ამ დრომდე შესაბამის ანაზღაურებას, მხოლოდ ნათესების მორწყვის შემდეგ იხდიდნენ. ადგილობრივები იმასაც აღნიშნავენ, რომ ხშირ შემთხვევაში თანხას სატუმბი სადგურის უფროსს მოგვიანებით, ნაწილ-ნაწილ აძლევდნენ, რადგან გადასახადი მაღალია და გლეხს მისი ერთდროულად გასტუმრება უჭირს. ფერმერები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
„მორწყვის ღირებულების გადახდასთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან პრობლემა არასდროს მქონია – აცხადებს „მეცხრე არხთან“ მინაძის წყლის სატუმბი სადგურის უფროსი. არამ ელბაქიანი იმასაც აღნიშნავს, რომ ორი დღის წინ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლისგან დავალება მიიღო.
მინაძელების პრობლემის გარკვევას ცდილობს გაერთიანებული „დემოკრატიული მოძრაობის“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი. ჯიმშერ გოგოლაური ეჭვობს, რომ ააიპ-ის საქმიანობაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა აქტიურად ერევა, სწორედ ამიტომ წყალსატუმბ სადგურებთან დაკავშირებით მას ბევრი კითხვის ნიშანი გაუჩნდა.
„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან ბრძანებას ვერ მიიღებდნენ, რადგან მსგავსი დირექტივა მელიორაციის სამსახურმა უნდა გასცეს“ – აცხადებს ახალციხის მელიორაციის სამსახურის დირექტორი. ჯემალ გიორგაძე ირწმუნება, რომ წყლით სარგებლობის უფლება მას ყველა ფერმერისთვის არ აუკრძალავს. არამ ელბაქიანს მან პირადად დაავალა სარწყავი წყალი იმ ფერმერებს არ მიაწოდოს, რომლებსაც ყველაზე მეტი დავალიანება აქვთ.
მელიორაციის სამსახურში განმარტავენ, რომ ადგილობრივებს ჯერ კიდევ გასული 2014 წლის დავალიანება აქვთ დასაფარი. ფერმერები სარწყავი წყლით სარგებლობას მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ შეძლებენ.