სჭირდება თუ არა რეკლამა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შესრულებულ საქმიანობას და რომელ კომპანიას უხდიან მუნიციპალიტეტები თანხას. შპს ,,ეტალონ–მედიამ“, რომელსაც მოსახლეობა ყველაზე ეროვნული პროექტის,,ეტალონის“ მეშვეობით იცნობს, ადიგენის გამგეობასა და ახალციხის მერიას გადაცემასთან ერთად სარეკლამო მომსახურება შესთავაზა. ორივე მათგანი ფასიანია, რომელსაც მუნიციპალიტეტები ყოველთვიურად იხდიან, ამის გარდა, ადიგენის მხრიდან კანონდარღვევის ფაქტიც დაფიქსირდა, რომელსაც მედია ორგანიზაცია MDF ეხმაურება.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა შპს ,,ეტალონ–მედიას“ რეკლამირებისათვის ყოველთვიურად 100 ლარს უხდის. აღნიშნული მომსახურებისათვის ხელშეკრულება 1 წლის ვადით დაიდო. დოკუმენტი მას შემდეგ გაფორმდა, რაც ტელეკომპანია ,,ობიექტივის“ ეთერში გადაცემა ,,ეტალონი“ ადიგენის სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ჩაიწერა. გადაცემის ორგანიზატორი იგივე კომპანიაა, რომელმაც შემდეგ მუნიციპალიტეტს ინტერნეტ სივრცეში რეკლამირება შეთავაზა. ამ ეტაპზე, საინფორმაციო სააგენტო etanews.ge–სა და ადიგენის მუნიციპალიტეტის facebook-ის ოფიცილურ გვერდზე ერთი და იგივე სარეკლამო მასალები ქვეყნდება.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობამ რეკლამირებისათვის დადებული ხელშეკრულებისა და მისი პირობების შესახებ არაფერი იცის. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ თანხა რეკლამირებაში მას შემდეგ უნდა დაიხარჯოს, როცა მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები მოგვარდება. სარეკლამო მომსახურებისათვის მუნიციპალიტეტის მიერ გადახდილი თანხით მხოლოდ ერთი დეპუტატი დაინტერესდა. ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თემურ ფეიქრიშვილმა საკრებულოს სხდომაზე სარეკლამო ხარჯების შესახებ საკითხი ხელშეკრულების დადებიდან ორი თვის შემდეგ დააყენა.
საინფორმაციო სააგენტო etanews.ge-ზე განთავსებული მასალების უმრავლესობა ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მუშაობას ასახავს. ამავე კომპანიასთან საინფორმაციო მომსახურებისათვის ხელშეკრულება 22 მაისს, ახალციხის მერიამაც გააფორმა. გადასახდელი თანხა ამჯერადაც ყოველთვიური 100 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა შპს ,,ეტალონ–მედიას“ მთლიანობაში 730 ლარს დეკემბრის თვის ჩათვლით გადაურიცხავს. ადგილობრივი თვითმმართველობა etanews.ge –ს ადმინისტრაციას იმ მასალებს უგზავნის, რომლებსაც საკუთარ ვებ–გვერდზე ყოველდღიურად აქვეყნებს.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან ,,ეტალონ–მედიასთან“ ურთიერთობა მხოლოდ სარეკლამო მომსახურებით არ სრულდება. მიმდინარე წლის 23 მარტს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ,,ეტალონ–მედიას“ შორის კიდევ ერთი ხელშეკრულება გაფორმდა. ამ შემთხვევაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2960 ლარი კომპანიას გადაცემა ,,ეტალონში“ ადიგენის მოსწავლეების მონაწილეობისათვის გადურიცხა. ხელშეკრულების მიხედვით, მუნიციპალიტეტს გადაცემაში მონაწილე მოსწავლეების შერჩევა, ასევე მათი და გულშემატკივრების მიყვანა დაევალა. სწორედ ამის გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტი ორგანიზაცია ,,მედიის განვითარების ფონდის“ კვლევაში მოხვდა. MDF-ის ინფორმაციით, აღნიშნული ქმედებით ადიგენის გამგეობამ ,,მაუწყებლობის შესახებ კანონის“ 66 მუხლის 1 პუნქტი დაარღვია. იმავე კანონის 67 მუხლის 1 პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს გადაცემა დააფინანსოს.
გადაცემა ,,ეტალონის“ შესარჩევი ტური მარტის თვეში ახალციხელი მოსწავლეებისათვისაც გაიმართა. მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ღონისძიებას გადაცემის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი დაესწრო, თუმცა ამჯერად ახალციხელი მოსწავლეების მონაწილეობით ტელეკომპანია ,,ობიექტივის“ ეთერში გადაცემა არ გასულა. მიუხედავად ამისა, 30 ივნისს ახალციხელობის დღესასწაულზე, საპატიო ახალციხელების დაჯილდოების შემდეგ გადაცემა ,,ეტალონის“ ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი ქალაქის მერმა, გიორგი კოპაძემ, ახალგაზრდების განათლებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელით დააჯილდოვა.