ახალციხის რამდენიმე ქუჩა, რომლებიც მყარი ნარჩენებით იყო დაბინძურებული, შპს ,,კეთილმოწყობის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს. მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კიბეები წყლის ჭავლით გადარეცხეს, ბალახი კი გათიბეს. დასუფთავების ღონისძიება ივანე ახალციხელის ქუჩაზეც ჩატარდა.
ადგილობრივების თქმით, ქუჩების დასუფთავებას წლების მანძილზე ითხოვდნენ. მოსახლეობა ამბობს, რომ ქვეწარმავლების შიშის და ანტისანიტარიის გამო აღნიშნულ ტერიტორიაზე იშვიათად გადაადგილდებოდნენ. ქუჩის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას ნაგვის ბუნკერების დადგმას და მსგავსი სახის დასუფთავების აქციების ხშირად გამართვას ურჩევენ.
შპს ,,კეთილმოწყობის“ წარმომადგენლები აღნიშნული ტერიტორიის დანაგვიანებაში ბრალს ადგილობრივებს sდებენ. გიორგი ლონდარიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დასუფთავებული ტერიტორია არ დააბინძურონ და ნაგავსაყრელად აღარ აქციონ.