ბოლო პერიოდში, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქციების შექმნა–არ შექმნის საკითხი ხშირად დაისვა. 4 თვის განმავლობაში, უკვე ორჯერ სხვადასხვა პარტიის მიერ ფრაქციის შექმნის შესახებ გაკეთებულ განაცხადი უმრავლესობამ არ დააკმაყოფილა. დეპუტატები, რომლებსაც უარი ეთქვათ, საკრებულოს მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას გეგმავენ.
სხდომის ოქმს, რომელზეც ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ დეპუტატებმა ფრაქციის შექმნის შესახებ საკრებულოსგან უარი მიიღეს, პარტიის წევრები მეათე დღეა ელოდებიან. მალხაზ ბოჩიკაშვილი ამბობს, რომ სხდომა 7 ივლისს ჩატარდა, მას შემდეგ კი ოქმის მოთხოვნით საკრებულოს რამდენჯერმე მიმართა, სადაც განუმარტეს, რომ დოკუმენტი მომზადებული არ იყო. დეპუტატის თქმით, დროის გაჭიანურება გამიზნულად ხდება. მას საკრებულოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ერთი თვის ვადაში შეუძლია, რისთვისაც ოქმი აუცილებელია. ბოჩიკაშვილი აქვე აღნიშნავს, რომ მისი პარტიისა და ,,მრეწველების“ დეპუტატებს საკრებულომ ფრაქციის ჩამოყალიბების შესახებ უარი განუცხადა, თუმცა თვითმმართველობაში თავად მმართველი პარტიის ფრაქციები კანონის დაცვით შექმნილი არ არის.
კიდევ ერთი დეპუტატი, რომელმაც მარტის თვეში ფრაქციის შექმნაზე უარი მიიღო, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეა. იგი დეპუტატებმა იმპიჩმენტის წესით გადაყენეს. სასამრთლოში სარჩელის შეტანას ლევან ლობჯანიძეც გეგმავდა, თუმცა, მისმა საკითხმა უარი, მხოლოდ ორ ინსტანციაზე, იურიდიულ საკითხთა კომისიასა და ბიუროს სხდომაზე მიიღო. საკითხი საკრებულოს სხდომაზე არ გავიდა, რის გამოც სარჩელის შეტანა ვერ მოხერხდა. იმ ფაქტს, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის ფრაქციები უკანონოდ არის ჩამოყალიბებული ლობჯანიძეც ადასტურებს. ამის ერთ–ერთ მაგალითად მას ფრაქცია – ,,ადიგენის აღორძინება“ მოჰყავს. ამბობს, რომ აუცილებელია, ფრაქციის წევრებმა პოლიტიკური პატიიდან დამადასტურებელი საბუთი წარადგინონ, რომელიც დაადასტურებს, რომ პარტიის წევრები ნამდვილად არიან.
ოპონენტთა ბრალდებებს ფრაქციების არაკანონიერებასთან დაკავშვირებით, საკრებულოს თავმჯდომარე უარყოფს. იმედა მღებრიშვილი ამბობს, რომ ფრაქცია – ,,ადიგენის აღოძინებაში“ პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრები ერთიანებდებიან, მათ დატოვეს პარტიის რიგები და ახლა დამოუკიდებელ დეპუტატებად არიან წარდგენილნი, შესაბამისად ბაგრატ ხოზრევანიძეს, თამაზ ძაძამიასა და ავთანდილ გობაძეს ფრაქციის შექმნა შეუძლიათ. რაც შეეხება პარტიულობას, მღებრიშვილი ამბობს, რომ სიები იმან უნდა გამოითხოვოს, ვისაც აღნშნულ საკითხზე პრეტენზია გააჩნია.
ამ ეტაპზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 6 ფრაქციაა შექმნილი. 3 მათგანი კოალიცია ,,ქართულ ოცნების“ წევრებით, 2 ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და 1 დამოუკიდებელი დეპუტატებით არის წარმოდგენილი. ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ საკრებულოს მხრიდან უარს, დეპუატეტები მიზანმიმართულ ქმედებად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ მათ ძლიერი ოპოზიციის შიში აქვთ. ხოლო დეპუტატების მხრიდან ფრაქციების შექმნის დაჟინებული მოთხოვნის ერთ–ერთ მიზეზად, პირველი პირები თანამდებობრივ სარგოს ასახელებენ. მათი თქმით, იმ დეპუტატის სარგო, რომელიც ფრაქციის შემადგენლობაში არ შედის 300 ლარია, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 350 ლარი გამოიყოფა.