ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო „ჯინო ველნესის“ ბუღალტერს ყოფილი თანამშრომელი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. როგორც „მეცხრე არხს“ დაზარალებულმა განუცხადა, საჩივარი ახალციხის რაიონულ სასამართლოში უკვე შეიტანა. ნინო ბერიძის თქმით, მან ბუღალტერთან იკამათა, რის შემდეგაც თამარ შაორშაძე ფიზიკურად გაუსწორდა.
ნინო ბერიძე სასტუმრო “ჯინო ველნესში” მიმტანის პოზიციაზე მუშაობდა. მისი განმარტებით, ბუღალტერმა რამდენიმე დღის წინ ჩანთა გაუჩხრიკა და ტელეფონი ამოიღო, რისი უფლებაც არ ჰქონდა. ამის შესახებ მან სასტუმროს მენეჯერს აცნობა, რომელმაც აღნიშნულის ფაქტებით დადასტურება მოთხოვა. ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ კამერების ჩანაწერი ერთად ნახეს, თუმცა მენეჯერმა ეს არგუმენტად არ მიიღო. სამსახურეობრივი მოვალეობის არასათანადოდ შესრულების მოტივით, ნინო ბერიძე დაკავებული პოზიციიდან 12 ივლისს გაათავისუფლეს.
„ჯინო ველნესში“ ყოფილი თანამშრომელის ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ, გარდა ამისა, ბერიძეს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.
სასტუმროში „მეცხრე არხს“ ოფიციალურ კომენტარზე უარი განუცხადეს.”ჯინო ველნესის” წარმომადგენლები პირად საუბარში ყოფილი თანამშრომლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფენ. მათივე თქმით, ნინო ბერიძე დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ არ ასრულებდა, რის გამოც ხელმძღვანელებისგან საყვედური არაერთხელ მიიღო და ბოლოს გათავისუფლდა კიდეც.
ბუღალტერის მიერ ყოფილი თანამშრომლის ცემის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. საქმეს ახალციხის რაიონული პროკურატურა იძიებს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. იგი ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი
გამოიწვია, მაგრამ ფაქტს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება არ მოჰყოლია.
ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე.
დეტალებს “მეცხრე არხი” მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
You must be logged in to post a comment.