გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ პირობითი საზღვრების გადმოწევას ახალციხის მაცხოვრებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზოგადოება და ისტორიკოსები აფასებენ. მათ დიდ ნაწილს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთი და იგივე მოსაზრება აქვს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანსა და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზღვრის გადმოწევის ფაქტს ახალციხეშიც გამოეხმაურნენ. მოსახლეობის ნაწილი ერთსულოვნად აღნიშნავს, რომ მიმდინარე მოვლენები თითოეული მოქალაქისათვის საკმაოდ რთულად მისაღებია. ისინი აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების მიერ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
ისტორიკოსების თქმით, რუსეთის ხელისუფლება თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, ქვეყნის ტერიტორიების დაკავებას მუდმივად ცდილობდა. რეზო ანდღულაძის განმარტებით, მეზობელი ქვეყნის პირველი ნაბიჯი გეორგიევსკის ტრაქტატი იყო. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ქართული სახელმწიფოებრიობის შერყევის მცდელობა. ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ გამოცდილების ფონზე, ქვეყანას უნდა შეეძლოს, სწორად განსაზღვროს თუ როგორ შეიძლება მოინახოს გამოსავალი და საკუთარი ტერიტორიები შეინარჩუნოს.
განსხვავებული მოსაზრება აქვს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანს მალხაზ ლომსაძეს, რომელიც წლების განმავლობაში პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად იყო ჩართული. მისი თქმით, რუსეთის აგრესია მუდმივად ხდებოდა და არც ეგრეთ წოდებული ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრის გაფაროებაა გასაკვირი. თუმცა, მალხაზ ლომსაძის აზრით, ხელისუფლებამ საკუთარი მიწა–წყლის შენარჩუნების მიზნით, რუსეთის მიმართ გარკვეულ დათმობებზე უნდა წავიდეს, თუნდაც ეს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარის თქმა იყოს.
ადგილობრივი არასმთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ სახელმწიფომ ქმედით ნაბიჯები დაუყოვნებლივ უნდა გადადგას, რადგან რუსეთის მხრიდან აშკარა პროვოკაციას აქვს ადგილი. ეს კი მათი აზრით, მრავალი მიზეზითაა განპირობებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას პროვოკაციას უწოდებს, თუმცა აცხადებს, რომ “მთავრობამ იცის, რა უნდა გააკეთოს და პანიკა საჭირო არ არის”.
რუსეთის მიერ საზღვრის გადმოწევის ბოლო ფაქტი „მიმდინარე წლის 10 ივლისს დაფიქსირდა. მნიშვნელოვანია, რომ ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსის მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.