”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მოწმდება თუ არა ხილ–ბოსტნეული რეალიზაციამდე?

ხილ–ბოსტნეულის რეალიზაცია და პროდუქტის კვლევის მეთოდები ახალციხის სავაჭრო ცენტრში – „მეცხრე არხის“ გადამღებმა ჯგუფმა, ადგილობრივ ბაზარში არსებული სიტუაცია შისწავლა. მოწმდება თუ არა ხილ–ბოსტნეული რეალიზაციამდე და არის თუ არა მომხმარებლის უფლებები დაცული – რას ფიქრობს მოსახლეობა და რა დასკვნებს აკეთებენ სპეციალისტები? – თემით „მეცხრე არხი“ დაინტერესდა.

მაგდა ახალციხის სავაჭრო ცენტრს  არცთუ იშვიათად სტუმრობს. იგი ხილ–ბოსტნეულის შერჩევისას ცდილობს საშუალო ზომის პროდუქტი შეიძინოს, რადგან მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მისი ჯანმრთელობა უფრო დაზღვეულია. ახალგაზრდა დიასახლისი ფიქრობს, რომ პროდუქტი, რომელიც შხამ–ქიმიკატების გამოყენებითაა მოყვანილი, შედარებით დიდი ზომისაა და შესაბამისად,მასში ნიტრატების რაოდენობაც მაქსიმალურია.

ახალციხის სავაჭრო ცენტრი ქალაქში ერთადერთი ადგილია, სადაც ხორცი, რძის პროდუქტები და ხილ–ბოსტნეული ერთ სივრცეშია მოქცეული. აქედან რძისა და ხორცის სექციებს, სხვადასხვა განყოფილება უკავიათ. ადგილობრივი მოვაჭრეები ირწმუნებიან, რომ მათთან ნებისმიერ სახის  პროდუქტი ყოველდღიურად მოწმდება. ნანა იობიძე, რომელიც ხილ–ბოსტნეულის სექციაში მუშაობს, ამბობს, რომ შემოწმება თავდაპირველად პარტიების შემოტანისას ხდება, შემდეგ კი დახლზე გატანილ პროდუქციას ბაზრის ექიმი–ლაბორანტი ამოწმებს. ხშირ შემთხვევაში გარეგნულად ათვალიერებს, ეჭვის არსებობისას კი ნიმუში გამოსაკვლევად ლაბორატორიაში მიაქვს.

ბაზარში არსებული სიტუაცია 2013 წელსაც შევისწავლეთ. მაშინ ხილ–ბოსტნეულის რეალიზებისას, პროდუქტის შემოწმება მხოლოდ ორგანოლეპრიკურად ანუ გარეგნული დათვალიერებითა და დაგემოვნებით ხდებოდა. აღნიშნულს კი ბაზრის ვეტერინარულ სანიტარული ექსპერტიზის ლაბორატორიის გამგე ახორციელებდა.

შესაბამისი აღჭურვილობა და ცოდნა რომ არ არსებობდა ბაზრის ლაბორატორიებში ამას სურსათის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის გადაცემა „მრავალკუთხედში“ აღნიშნავდა. ზურაბ ჩეკურიშვილის თქმით, ბაზრებში თითოეული პროდუქტის შემოწმება შეუძლებელია, ამიტომ პროცესი შერჩევით ხდება. იგი იმასაც ამბობდა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, 2014 წლისთვის საქართველოში გაიხსნებოდა, როგორც სუსათის, ასევე ფიტოსანიტარული და მცენარეთა დაცვის ლაბორატორიები, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიით აღიჭურვებოდნენ. რაც შეეხება   ნიტრატების შემცველობის განსაზღვრას პროდუქტში, სააგენტოს ყოფილი უფროსის თქმით, ეს, მარტივი ხელსაწყოს მეშვეობითაც შესაძლებელია.

ხელსაწყო – ნიტრატომეტრი, ახალციხის ბაზარს არც ამ დროისთვის აქვს. სავაჭრო ცენტრში, პროდუქტი დღესაც რეალიზაციამდე თავდაპრველად კვლავ შერჩევით და ორგანულლეპტიკურად მოწმდება. ბაზრის ვეტერინარულ სანიტარული ექსპერტიზის ლაბორატორიის გამგე განმარტავს, რომ ტონობით შემოსული პროდუქციის შემოწმება სათითაოდ, ფიზიკურად ვერ მოხერხდება. გიორგი ბალიაშვილის თქმით, სხვადასხვა პარტიიდან ნიმუშები ლაბორატორიაში მიაქვს, სადაც ნიტრატების შემცველობის განსაზღვრა სპეციალური ხსნარის მეშვეობით ხდება.

ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის დრექტორი ფიქრობს, რომ ბაზრებში ხილ–ბოსტნეული რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს.  მისივე თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ქვეყანას არა მარტო საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის გატანისას შესაბამისი ნორმების დაცვას ავალდებულებს, არამედ, შიდა რეგულირებასაც.  ამიტომ თავდაპირველად მდგომარეობა ადგილობრივ ბაზრებზე უნდა გამოსწორდეს.

ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის დრექტორი ბაზრებში სურსათის რეალიზაციასა და შენახვის პირობებთან დაკავშირებით მდგომარეობის გამოსწორებას სპეციფიკური კონტროლის ამოქმედებაში ხედავს. ეთერ ხმალაძის თქმით, სავაჭრო ობიექტების სიმრავლიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნული სააგენტო საფუძვლიან  კონტროლს ფიზიკურად ვერ ახერხებს. ამიტომ იგი გამოსავალს ვეტერინარული, ფიტოსანიტარული თუ სანიტარულ–ჰიგიენური კონტროლის მიზნით ცალცალკე სამსახურების ჩამოყალიბებაში ხედავს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე