ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო. გასაუბრებას სულ 37 კონკურსანტი გაივლის. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის განმარტებით, სხვადასხვა პოზიციაზე 17 პიროვნება შეირჩევა. ილია ზარდიაშვილის თქმით, გასაუბრება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 10 ივლისს დასრულდება, შედეგები კი ცნობილი მომავალ კვირაში გახდება. ახალ თანამშრობლებს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის შვიდი წევრი შეარჩევს, რომელსაც გამგებელი ზაზა მელიქიძე ხელმძღვანელობს.
გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპზე, გასაუბრებას ის კონკურსანტებიც გაიდიან, რომლებმაც ტესტირების ბარიერი წინა კონკურსზე გადალახეს და ქულა შეუნარჩუნდათ.
გასაუბრების პროცესზე დასწრების სურვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელსაც ჰქონდა, ამიტომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ გამგეობას განცხადებით მიმართა. თვითმართველობიდან ოფიციალური წერილი დიანა მერაბიშვილმა გასაუბრების დაწყების წინ მიიღო, სადაც განმარტებული იყო, რომ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელს დასწრების უფლება, მხოლოდ რვა კონკურსანტთან გასაუბრების დროს ჰქონდა. იმ მიზეზით, რომ გამგეობის მიერ შეთავაზებული პირობით, არასამთავრობო ორგანიზაცია პროცესის შესახებ სრულ ინფორმაციას ვერ მიიღებდა, დიანა მერაბიშვილმა დასწრებაზე უარი განაცხადა.