ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სამ დასახლებაში სავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშოები უკვე მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტებიც.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ადიგენის მუნიციპალიტეტში 3 პროექტი დაფინანსდა. სოფელ ადიგენის კილომეტრ–ნახევარიანი გზის რეაბილიტაციისათვის, რაც მის მოასფალტებას, რკინა–ბეტონის სანიაღვრე არხებისა და მილ–ხიდების მშენებლობას მოიცავს, ადიგენის მუნიციპალიტეტმა სამინისტროდან 460 000 ლარმდე მიიღო, პატარა სმადის გზისათვის, რომელიც ასევე, დაახლოებით, კილომეტრ–ნახევარია 400 000 ლარამდე, ხოლო ქვემო ენთელი–ზემო ენთელი–ფხეროს მიმართულებით გზის რეაბილიტაციისათვის 217 000 ლარზე მეტია გაწერილი. პროექტი გარდამავალია და პირველი ეტაპზე 650 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთის აღდგენა მოხდება.
აღნიშნული სამი პროექტი სამინისტრომ მაისის თვეში დააფინანსა, რის შემდეგაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ უწყებაში კიდევ ორი, ამჯერად სასმელი წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად შედგენილი პროექტები გადააგზავნა. დააფინანსებს თუ არა სამინისტრო სოფელ ბოლაჯურისა და კურცხანის სასმელი წყლის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ამ ეტაპზე უცობია. თუმცა ადიგენის გამგეობაში განმარტავენ, რომ უწყებაში პროექტების შესახებ უკვე იმსჯელეს.
ადიგენის თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ სამინისტროდან დაფინანსებული პროექტების გარდა, მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოებისათვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც გამოიყო. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს, მოსახლეობა 30–მდე პროექტის განხორცილებას უნდა ელოდოს. ამ ეტაპზე, კი დაბა ადიგენში შენობების ფასადების შეღებვა, დაბა აბასთუმანსა და არაზინდოს დასახლებაში საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია, ასევე, სოფელ აბასთუმანსა და საღრძეს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა იგეგმება. მსგავსი პროექტი მიმდინარეობს სოფელ წახანშიც, სადაც ქიქინეთთან დამაკავშირებელი ხიდი, რკინის კონსტრუქცია დაიდგა. მშენებლები განმარტავენ, რომ პროექტის დასრულების ბოლო ვადა 15 ივლისია.
ადიგენის მუნიციპალიტეტში სამი პროექტი რეგიონული განვითარების ფონდმა მილიონ 157 ათასი ლარით დააფინანსა. ხოლო, იმ პროექტების საერთო ღირებულება, რისთვისაც თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ნახევარ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები საბოლოოდ ორთვენახევრის ვადაში უნდა დასრულდეს.