”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამჯერ გამართული კენჭისყრა და უარყოფითი პასუხი ფრაქციის ჩამოყალიბებაზე

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველივე საკითხს მოჰყვა. დეპუტატები 1 საათის განმავლობაში იმაზე კამათობდნენ, უნდა მიეცათ თუ არა თანხმობა ახალი ფრაქციის ჩამოყალიბებაზე. აქვთ თუ არა უფლება  სხვადასხვა პარტიის წევრებს ერთ ფრაქციაში გაერთიანდნენ  – ამაზე ოპოზიციური და მმართველი პარტიის წევრებს  განსხვავებული  მოსაზრებები აქვთ.

ეს ხმაური ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირველისვე საკითხმა გამოიწვია. ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისა“  და ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ დეპუტატებს ფრაქციის შექმნაზე უარი ბოლო ინსტანციაზე,  საკრებულოს სხდომაზე ეთქვათ. ამის მიზეზად საკრებულოს თავმჯდომარე იმ გარემოებას ასახელებს, რომ ფრაქციის წევრებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ და კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსის 30 მუხლის პირველი ნაწილით, ასევე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 35–ე მუხლის მეორე და მესამე ქვეპუნქტებით იხელმძღვანელა.

საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ,,გაერთიანებული დემოკტარიული მოძრაობისა“ და ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ პარტიის წევრები. მათი თქმით, ფრაქციის შექმნის სრული უფლება აქვთ, რადგან მათი პოლიტიკური შეხედულებები ერთმანეთის თანმხვედრია და გადაწყვეტილება ფრაქციის შექმნის თაობაზე ერთობლივად მიიღეს.

ფრაქციის ჩამოყალიბებაზე უარი დეპუტატებმა საბოლოოდ კენჭისყრაზე მიიღეს. 15 ხმით 14–ის წინააღმდეგ, ამ შედეგით კომისიის გადაწყვეტილებას, რომ ფრაქცია არ შეიქმნას, მხარი დეპუტატთა უმრავლესობამ დაუჭირა. თუმცა მანამდე საკითხის ირგვლივ კენჭისყრა 3 ჯერ გაიმართა და სამივე ცდაზე მომხრე და მოწინააღმდეგე დეპუტატების რიცხვი სხვადასხვა აღმოჩნდა. აღნიშნული ფაქტი გააპროტესტებს ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრებმა. მათი თქმით, დეპუტატებმა ეს გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად მიიღეს.

ფრაქციის შექმნა– არ შექმნის საკითხმა სხდომაზე სხვადასხვა პარტიის წევრებში აზრთა სხვადასხვაობა  გამოიწვია.

უარის მიღების შემდეგ, სხდომა გაერთიამენული დემოკრატიული მოძარობის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სამართლებრივად იბრძოლებენ და სასამართლოში შესატანი სარჩელის მომზადებას ხვალიდან შეუდგებიან.

 

 

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე