გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტზე ნიშანდება “გმ”-ს მითითება სავალდებულო გახდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალი კანონის ამოქმედებით მომხმარებელს არჩევანის თავისუფლება ეძლევა, ვინაიდან იგი ინფორმირებული იქნება, სურსათი გენმოდიფიცირებულია თუ არა.
თუკი სურსათის შემადგენლობაში არსებული გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები, საერთო მასის 0,9%-ზე მეტია, მაშინ ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში უნდა იყოს მითითებული წარწერა “გმ” – აღნიშნულს საქართველოს კანონი უკვე არეგულირებს. სურსათის ეროვნული სააგენტოში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ პროდუქტის ეტიკეტირება შეუძლებელია, გენმოდიფიცირებულობის შესახებ ინფორმაცია თანმხლებ დოკუმენტაციაში უნდა აისახოს.
ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის დირექტორის თქმით, აღნიშნული კანონის მიღება ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ეთერ ხმალაძე განმარტავს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტი მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის საშიშ ორგანიზმებს შეიცავს და სხვადასხვა დაავადების გაჩენის რისკს ზრდის. ამიტომ მისივე მტკიცებით, ეტიკეტირებისას „გმ“–ს ნიშანდება მომხმარებლისთვის ადვილად აღქმადი და თვალსაჩინო უნდა იყოს. ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, არსებობს ქვეყნები, სადაც გენმოდიფიცირებულ პროდუქციის რეალიზაცია და წარმოება აკრძალულია.
სიახლეს ახალციხის მოსახლეობის დიდი ნაწილი დადებითად აფასებს. ადგილობრივების თქმით, კანონი ამით მომხმარებელს არჩევანის თავისუფლებას ანიჭებს, ვინაიდან მათი უფლებაა იცოდნენ სურსათი გენმოდიფიცირებულია თუ არა.
ადგილობრივი ეკომონისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონის მიღებით იმპორტირებულ პროდუქტთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდება, ხოლო ადგილობრივ წარმოებაზე მოთხოვნა უფრო მეტად გაიზრდება. ნუგზარ თათეშვილის განმარტებით, აღნიშნული პროცესი ქვეყნის ეკონომიკაზე სასიკეთოდ იმოქმედებს.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის მწარმოებელი 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება განმეორების შემთხევაში კი თანხა გაორმაგდება. სააგენტოში ამბობენ, რომ თუკი ეტიკეტზე არ იქნება მითითებული “გმ” და ლაბორატორიული კვლევით დადასტურდება, რომ პროდუქტი გენმოდიფიცირებულია, იგი განადგურება. იმ შემთხვევაში თუ ბიზნესოპერატორი აღნიშნულ წესებს არ დაიცავს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, მწარმოებელი 10 000 ლარით დაჯარიმდება. “სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ”, კანონი ძალაში 1 ივლისიდან შევიდა.