ხმაური იყო დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქში. მოსახლეობა ერთმანეთს სარწყავი წყლის გამო დაუპირისპირდა. მათი თქმით, დებეტი საკმარისი არ არის, ამის გამო კი ადგილობრივებს ერთმანეთთან კონფლიქტი მოსდით. გარდა ამისა, მოსახლეობა მიწის ნაკვეთის მორწყვისათვის ერთ საათში სამოც ლარს იხდის. მათ აღნიშნული ტარიფიც გააპროტესტეს.
სოფელ ჭაჭარაქში ხმაური დილიდან დაიწყო. მოსახლეობა ერთმანეთს სარწყავი წყლისთვის დაუპირისპირდა. ისინი დებეტის ნაკლებობის გამო სავარგულების სრულად მორწყვას ვერ ახერხებენ. ამიტომ ადგილობრივებს ერთმანეთთან მუდმივად კონფლიქტი მოსდით. მოსახლეობა ამბობს, რომ მინაძის სასატუმბზე, საიდანაც მათ წყალი მიეწოდებათ, არხები გასაწმენდია. აღნიშნულის მოვლა–პატრონობა კი სამცხე–ჯავახეთის მელიორაციის სამსახურს ევალება.
წყლის დებეტის სიმცირის გარდა, ჭაჭარაქის მოსახლეობა რწყვის ტარიფზეც ჩივის. სასოფლო–სამეურნეო სავარგულების მორწყვისათვის ადგილობრივები ერთ საათში სამოც ლარს იხდიან. ჰექტრობით მიწის ნაკვეთისთვის კი აღნიშნული დრო საკმარისი არ არის, ამიტომ გლეხებს მოსავლის მოყვანა კოლოსალური თანხები უჯდებათ. დღესვე მოსახლეობამ აღნიშნული ტარიფიც გააპროტესტა და სამცხე–ჯავახეთის მელიორაციის სამსახურს თანხის შემცირება მოსთხოვა.
სიტუაციის გასარკვევად, სოფელში მელიორაციის სამსახურისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები მივიდნენ. მათი თქმით, იმისთვის, რომ მოსახლეობას რწყვის სეზონთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნას, არხები მუდმივად იწმინდება. ხარზვეზის არსებობის შემთხვევაში კი მის დროულად აღმოფხვრას ცდილობენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჭაჭარაქის მკვიდრებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს. ისინი ირწმუნებიან, რომ სიტუაციის დაძაბვა ხელოვნურად ხდება.
სამცხე–ჯავახეთის მელიორაციის სამსახურის უფროსის განმარტებით, თანხა, რომელსაც მოსახლეობა მორწყვისთვის იხდის, თვითღირებულებიდან გამომდინარეობს. ჯემალ გიორგაძის თქმით, ფერმერებს აღნიშნული ტარიფი ამ დრომდე არ გაუპროტესტებიათ. რაც შეეხება სატუმბის მუშაობასა და წყლის დებეტის რაოდენობას, მისივე მტკიცებით, სამსახური პრობლემას დღესვე შეისწავლის და დებეტი გაზირდება, თუ ამის შესაძლებლობა იქნება.
დღეისათვის სოფლებში რწყვის აქტიური სეზონია. სოფელ ჭაჭარაქში 100 – მდე ოჯახი მინაძის წყალსტუმბით სარგებლობს. ორი სოფლის მოსახლეობას, საკუთარი ნაკვეთის მოსარწყავად, რიგში დგომა რამდენიმე დღის განმავლობაში უწევს. ადგილობრივები ამბობენ, რომ არასაკმარისი გასარწყავიანების გამო, ყოველწლიურად ნაკლებ მოსავალს იღებენ. ჭაჭარაქისა და მინაძის მკვიდრებისთვის კი შემოსავლის ერთ–ერთ მნიშვნელოვან წყაროს მიწათმოქმედება წარმოადგენს.