ივანე ახალციხელის ქუჩის მაცხოვრებლები საავტომობილო გზის, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას ითხოვენ. ისინი პროტესტის ნიშნად, ახალციხის მერიასთან შეიკრიბნენ და ქალაქის თვითმართველობისაგან დაპირების შესრულება ითხოვეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ პრობლემა არ მოგვარდება, ცენტრალურ გზას გადაკეტავენ. დღესვე, ახალციხელის ქუჩის მაცხოვრებლები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელსაც შეხვდნენ.
ხმაური, ახალციხის ადმინისტრაციის შენობასთან, ივანე ახალციხელის ქუჩის მოსახლეობის შეკრებას მოჰყვა. ისინი ქალაქის მერთან შეხვედრასა და საავტომობილო გზის, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას ითხოვენ. იმ შემთხვევაში თუ ქალაქის თვითმართველობა პრობლემას დროულად არ მოაგვარებს, ადგილობრივები ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან.
ივანე ახალციხელის ქუჩის მოსახლეობა ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვდა. თუმცა მათ რაბათის უბნის წარმომადგენელი დავით სამსონიძე ესაუბრა. მისი განმარტებით, ქუჩაზე გზის რებალიტაცია უკვე მიმდინარეობს, რომელიც ორ ეტაპად განხორციელდება. სამსონიძემ დღესვე მოსახლეობას შეახსენა, რომ ქუჩაზე დაპირებული გარეგანათება დამონტაჟდა, თუმცა, მათგან მადლობა ვერ მიიღო.
მერიის შემდეგ, ივანე ახალციხელის ქუჩის მაცხოვრებლებმა, წყალმომარაგების კომპანიის ადგილობრივ ფილიალთან გადაინაცვლეს. მათ დასახლებაში, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება მოითხოვეს. რეგიონული ფილიალის მენეჯერის განმარტებით, ივანე ახალციხელის ქუჩასთან დაკავშირებით, პროექტი უკვე არსებობს. გიორგი ბაგინაშვილის თქმით, საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. აღნისნულისთვის კი 400 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.
ივანე ახალციხელის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქალაქის მერის მოადგილემ მოინახულა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა არ დაწყებულა, აქ გზის მოასფალტება უკვე აქტიურად მიმდინარეობს.
ზაზა გელაძე ირწმუნება, რომ ივანე ახალციხელის ქუჩის მოსახლეობას ყველა პრობლემა მოუგვარდება. თუმცა, მისივე თქმით, შესაძლოა, აღნიშნულ პროცესს დიდი დრო დასჭირდეს. ქუჩაზე გზის რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 800 ათას ლარამდე დაიხარჯება. შეგახსენებთ, რომ დასახლებაში სასმელი წყლის სისტემა და კანალიზაცია არ არსებობს. მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას წლებია ითხოვს.