ახალციხის ავტოსადგურის თანამშრომლები გაიფიცნენ. ტრანსპორტის მძღოლები პროტესტის ნიშნად, მარშრუტებს აღარ ასრულებენ. ისინი ქალაქში მეორე ავტოსადგურის არსებობასა და კონკურენციას აპროტესტებენ. მძღოლების თქმით, აღნიშნული სადგური სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, ქუჩაში დგანან და მოძრაობის წესებსაც არღვევენ. გარდა ამისა, ცდილობენ, სამგზავრო ტარიფების დაწევით, მათ კონკურენცია გაუწიონ.
მძღოლები აცხადებენ, რომ ქალაქში მეორე სადგურის გაუქმების მოთხოვნით, შესაბამის ორგანოებს უკვე მიმართეს, რომელთაც განუცხადეს, რომ საკითხს შეისწავლიდნენ. ისინი ირწმუნებიან, რომ დასკვნა ახალციხის მერიამ უკვე მიიღო, სადაც განმარტებულია, რომ აღნიშნულ ავტოსადგურს საქმიანობის გაგრძელება ეკრძალება.
რამდენიმე წუთის წინ, მძღოლებს ახალციხის მერის მოადგილე შეხვდა. ზაზა გელაძემ მათ განუმარტა, რომ აღნიშნული დასკვნის მიხედვით, ახალ ავტოსადგურს ფუნქციონირების უფლება ისევე აქვს, როგორც ძველ სადგურს.
პროტესტის ნიშნად, ახალციხის ავტოსადგურის მძღოლებს ცენტრალური გზის გადაკეტვაც სურდათ, თუმცა, აღნიშნულის განხორციელებაში ხელი სამართალდამცველებმა შეუშალეს.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
You must be logged in to post a comment.